პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა ორ კანონზე, თუმცა ამბობს, რომ შეტანილი ცვლილებები კითხვებს ბადებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ კანონში ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს – სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვას ეხება.  ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.

საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.