პრეზიდენტს არ ვუპასუხებ, მთავრობას პროტოკოლის სამსახურის კვალიფიციური უფროსი ჰყავს - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროტოკოლის დარღვევის შესახებ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ თქვა, რომ პრეზიდენტს არ უპასუხებს, თუმცა მთავრობას პროტოკოლის სამსახურის კვალიფიციური ხელმძღვანელი ჰყავს.

„მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან – მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო.

ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი.

რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი ბატონი დავით ზანთარაია, მინდა მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.