სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გაეცნობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მიერ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს და ომბუდსმენის ოფისი მოამზადებს სამართლებრივ დასკვნას.
ლომჯარიას თქმით, ის მზადაა, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს და გააცნოს საქმის სამართლებრივი შეფასება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ პრეზიდენტის პოზიცია ამ პროცესში მნიშვნელოვანია.
„გუშინვე გავაკეთე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ, რომ მზად ვარ, შევხვდე ქალბატონ სალომეს და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს ვარ მზად ამისთვის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში პრეზიდენტის როლი.
ევროინტეგრაციის პროცესის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული პირის, ნიკა გვარამიას მსჯავრში ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს, იმას, რომ მის მიმართ დადგა გამამტყუმებელი განაჩენი ისეთი ქმედების გამო, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დანაშაულს საერთოდ არ წარმოადგენს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ომბუდსმენმა მოუწოდა პრეზიდენტს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი.
„ადამიანი არის მსჯავრდებული, რაც არც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს. ამის მტკიცებულებები გვაქვს, ამაზე გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები და ესაა პრეზიდენტის კომპეტენცია, თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი იმის გამო, რაც დანაშაული არაა, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განიხილოს ეს საკითხი“, – განაცხადა ომბუდსმენმა.
მისი თქმით, 16 მაისს საღამოს შესთავაზა პრეზიდენტს შეხვედრა, მისი ოფისიდან კი ჯერ გამოხმაურება არ ყოფილა.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მე დიდი ხანია, ვამბობ, რომ არ ვიღებ ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს სერიოზულად. ცოტა ხნის წინ მან ისიც განაცხადა, თითქოს მე ვაკეთებდი განცხადებებს მეორე ფრონტის გასახსნელად საქართველოში. ვფიქრობ, მისი განცხადებები ხშირად იუმორის ჟანრიდან არის, ამიტომ არასერიოზულია ჩემთვის ასეთი განცხადებები და არ ვაპირებ მის კომენტირებას და პოპულარიზებას“, – თქვა მან.
„მართლაც გამაოგნებელია შეთანხმებული ქმედებები, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები, სახალხო დამცველები და უცხოელი ლობისტები მოქმედებდნენ და მოქმედებენ, რათა არ აღსრულებულიყო მართლმსაჯულება „ნაციონალური მოძრაობის“მიერ „რუსთავი 2-ის“ მიტაცების საქმეზე […]
[…] უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი“, – განაცხადა დღეს, 17 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.