პრეზიდენტს თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი - შეიწყალოს სააკაშვილი - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „ეს საკითხი ყოველგვარ აქტუალობასაა მოკლებული, სისულელე და აბსურდია“.

„ხელისუფლებში მყოფი ძალა გამოდის, იმპიჩმენტს ვიწყებო და ამბობს, 100 ხმა არ მაქვსო? აბა რა იმპიჩმენტს იწყებენ, რისთვის? იწყებენ იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ შოვზე, გაჭირვებაზე, იმაზე, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის, რადგან სამუშაო ადგილებს ვერ შოულობს, არ ვისაუბროთ სოფელსა თუ ქალაქში არსებულ პრობლემაზე და ვისაუბროთ „იმპიჩმენტი, იმპიჩმენტმა, იმპიჩმენტს“… წავიდნენ და თავის თავს ესაუბრონ. 100 ხმა არ აქვთ – თემა დახურულია. დღევანდელი სურათით გამორიცხულია. თვითონ ამბობენ, 100 ხმა არ გვაქვსო? აბა რას მაიმუნობენ? „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა და სტრატეგია არ აქვს. იმაზე არიან გადასულები, რა მოიგონონ ყოველ კვირაში, რომ ხალხის ყურადღება იქით გადართონ. დაბნეული ქათმებივით არიან. ესენი არიან უსუსტესი ფარჩაკები. პოსტს დადებენ და მათ მიერვე დაქირავებული 500-700 ტროლ ბოტი „ალაიქებს“. ილუზიაში მოექცნენ, რომ რაღაც მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეკითხვას, მზადაა თუ არა ოპოზიცია, ზურაბიშვილის დასაცავად, ვაშაძე შემდეგნაირად პასუხობს: „ახლა კიდევ სალომე ზურაბიშვილი დამაცვევინეთ“.

მისივე თქმით, სამომავლოდ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ წარმოუდენიათ, რადგან მას „ერთხელაც კი არ უხსენებია რეალური პრობლემა – ივანიშვილის მხრიდან არაფორმალურ მმართველობა, ერთხელაც არ უხსენებია“.

„ეს ქალი ისედაც ნახევრად ლეგიტიმურია და მადლობა თქვას, რომ მის იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერთ. თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი – შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. გინდათ, ულტიმატუმად ჩათვალეთ, რადაც გინდათ. მისი ვალდებულებაა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას და რაც უფრო დააგვიანებს, მით უფრო ცუდი იქნება მისთვის. მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გამოუშვან.“

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე  1 სექტემბერს მიიღეს.