პრეზიდენტი: მათი აქ ჩამოსვლა დღეს ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია

პუბლიკა

ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციის ჩამოსვლა ევროპული მხარდაჭერის ნიშანია.

მისი თქმით, საქართველომ შანსი დაკარგა, რომელიც ერთგული მეგობრების მხარდაჭერით უნდა დაიბრუნოს.

„მინდა, მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ევროპელი პარლამენტების დელეგაციას. ისინი 8 ქვეყანას წარმოადგენენ და არიან საქართველოს მართლაც ერთგული მეგობრები, რომლებიც პირველი დღიდან საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს მშენებლობას, მის ევროპულ გზას გვერდით უდგანან. თუ ჩვენ შარშან, დეკემბერში, მივედით იქამდე, რომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ეს ამ ჩვენი მეგობრების დამსახურებაა, რომ გვენდვნენ და მოგვანიჭეს ეს სტატუსი.

ნდობის ნიშანი იყო ის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენ დეკემბერში ვიზეიმეთ. როცა ვფიქრობ, სად ვიყავით და დღეს სად ვართ, ძალიან ღრმად მტკივა გული. დაკარგული შანსი სადღაცაა და ჩვენი მოსაპოვებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად.

მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, ამ ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია. ევროპა ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც არაერთხელ გამოიხატა ამ 33 წლის განმავლობაში. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი ეჭვქვეშ იყო, ყოველ ჯერზე გამოდიოდა საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება. ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ, პრაქტიკულად, 30 წელი ქუჩაში გაატარა იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპიდან ხელისუფლების გადახვევას ეს ქვეყანა ყოველთვის აპროტესტებდა

ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, მას ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ესაა ერთპარტიულად მართული არჩევნები, ვიღაც სხვისი დახმარებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და გაყალბებული არჩევნები. ამიტომაა, რომ შევდივართ კრიზისში. ცესკოს ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მოულოდნელობა არ შეიძლება, იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მოიპოვონ გზები, რომლითაც საქართველო გამოვა ამ კრიზისიდან. და გამოვა ამ კრიზისიდან, რაღაც მომენტში სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ესაა ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა, სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან დარწმუნებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაცია – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) წარმომადგენლები.