პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტში რთული ვითარებაა და შოიგუს ქალაქში ჩასვლისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართა. პრიგოჟინი სერგეი შოიგუს მოუწოდებს, რომ თავად ჩავიდეს ბახმუტში და შეაფასოს იქ არსებული ვითარება.

პრიგოჟინი აცხადებს, რომ გამოწვევების მიუხედავად „ვაგნერი“ განაგრძობს ბრძოლას ბახმუტში, რომლის უკვე 95%-საც აკონტროლებს. თუმცა სიტუაცია გართულდა ქალაქის გარშემო რუსების დაკავებულ ფლანგებზე, რომლებზეც უკრაინას მიაქვს საპასუხო იერიშები.

„რთული ოპერატიული ვითარებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების თქვენი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გთხოვთ, ეწვიოთ რუსეთის გასამხედროებული ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ მყოფ დასახლებულ პუნქტ ბახმუტს და დამოუკიდებლად შეაფასოთ აქ არსებული მდგომარეობა“, – ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

პრიგოჟინი ბოლო დღეებია აცხადებს, რომ რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებმა მარტივად დათმეს „სისხლით მოპოვებული“ პოზიციები ბახმუტის გარშემო და გაიქცნენ. მისი თქმით, უკრაინამ დაიწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები ქალაქის გარშემო და არსებობს რისკი, რომ ბახმუტში გამაგრებული „ვაგნერი“ ალყაში მოექცეს.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ კიევშიც. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცადებით, მათ წარმატებული კონტრიერიშების შედეგად ბახმუტის გარშემო ოკუპანტებს რამდენიმე კილომეტრით დაახევინეს უკან. შეტევითი ოპერაციები გრძელდება.

ევგენი პრიგოჟინი კი რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს ბოლო პერიოდში მწვავედ დაუპირისპირდა. პრიგოჟინი ჩიოდა, რომ შოიგუ და გერასიმოვი მას საკმარის საბრზოლო მასალას არ აძლევდნენ, ამის გამო ბახმუტის დატოვებითაც დაიმუქრა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით „ვაგნერი“ ბრძოლას განაგრძობს.

რუსეთის შეიარაღებული ძალები და დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის, „ვაგნერი“ 9 თვეზე მეტია დონეცკის ოლქში ბახმუტის აღებას ცდილობენ, გარკვეული წინსვლისა და რუსული ძალების ქალაქის გარშემო დიდი კონცენტრაციის მიუხედავად, მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს ქალაქის სრულად დაკავება.