პრობაციის ბიურო ჩემს ციხეში შებრუნებას მოითხოვს - მიხაილო

პუბლიკა

დიჯეი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით მიხაილო „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, რომ პრობაციის ბიურო მის ციხეში დაბრუნებას მოითხოვს, მიზეზად კი შინაპატიმრობის წესების დარღვევას ასახელებს [9 საათის მერე შინიდან გასვლა].

მიხაილო 2013 წლის სექტემბერში დააკავეს 12 გრ. MDMA-ის ფლობისთვის და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ციხე 6 წლის შემდეგ, 2019 წლის ოქტომბერში დატოვა და სასჯელის ვადის ამოწურვამდე გარკეული შეზღუდვები დაუწესდა – უკეთია ელექტრონული სამაჯური და შინიდან გასვლა 21:00 საათის მერე აკრძალული აქვს, ხოლო გამონაკლისი შემთხვევებისვის პრობაციის ბიუროსგან სპეციალური ნებართვა სჭირდება.

პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილებით, მიხაილოს 13-14 ოქტომბერს განრიგის დარღვევა საპატიოდ არ ჩაეთვალა. დღეს, 11 ნოემბერს 2 საათზე სასამართლო პროცესია დანიშნული, სადაც მიხაილოს ცნობით, ბიურო მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვს. 

თბილისის პრობაციის ბიუროს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ თოდუამ 13 ოქტომბერს დაარღვია შინ ყოფნის განრიგი, სახლიდან გავიდა 23:36 წუთზე და დაბრუნდა 04:26 საათზე. პრობაციის სააგენტო წერს, რომ ამ პერიოდში ის მიწვეული იყო ელექტრონული მუსიკის საღამოზე ხმის რეჟისორად, რაც არ წარმოადგენს საპატიოდ ჩათვლის საფუძველს და ასევე არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რის გამოც მსჯავრდებულმა ვერ შეძლო კანონით დადგენილი რეჟიმის შესრულება. აქედან გამომდინარე, ბიურომ გადაწყვიტა, რომ მიხაილოს 13-14 ოქტომბრის რეჟიმის დარღვევა საპატიოდ არ ჩაეთვალოს.

მიხაილო ამ გადაწყვეტილებას 17 ოქტომბერს პარტია „გირჩის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უკავშირებს, სადაც ღამის საათებში უკრავდა.

აღსანიშნავია, რომ 16 ოქტომბრიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა და კაფე-ბარების, რესტორნების მუშაობა 22 საათიდან აიკრძალა. „გირჩმა” კი, იმ არგუმენტით, რომ პოლიტიკური პარტიების შეკრებები არ ექცევა ამ რეგულაციებში, რამდენიმე გასართობ ობიექტებში „გირჩის“ ე.წ. შტაბები მოაწყო და ასე ეცადა ამ დაწესებულებების ფუნქციონირების გაგრძელებას.

როგორც მიხაილო „პუბლიკასთან” საუბრისას ამბობს, მისი პროფესიიდან გამომდინარე ღამით მუშაობა უწევდა ხოლმე, შესაბამისი ნებართვითვის კი მის ოფიცერს ყოველთვის წინასწარ ატყობინებდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ბიუროში 3 დღის განმავლობაში ყველა საჭირო დოკუმენტი მიჰქონდა, ხელშეკრულება იქნებოდა ეს, მიღება-ჩაბარების აქტი თუ სხვა. როგორც ის ამბობს, ასევე მოიქცა როგორც 13 ოქტომბრის ივენთის შემდეგ, ისე 17 ოქტომბრის („გირჩის” ე.წ. ივენთი) შემდეგ. თუმცა, 17 ოქტომბრის ღონისძიების შემდეგ როცა შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა, უთხრეს, რომ საპატიოდ არ ეთვლებოდა 13 ოქტომბრის გასვლაც.

მიხაილო ამბობს, რომ წინა თვეების მსგავსად ყველა იმ წესსა და მოთხოვნას იცავდა, რაც მას ევალებოდა, თუმცა ბოლო შემთხვევაში, ვინაიდან პარტია „გირჩი” იყო გარეული, პრობაციის ბიუროს რადიკალური გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული.