პრობლემა გვაქვს კომუნიკაციაში, ადგილობრივებს პლუსებს ვერ ვანახებთ - დავითულიანი ნამახვანჰესზე

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნამახვანჰესი ინვესტიციებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტია. მას ასევე მიაჩნია, რომ კაშხალს არც უსაფრთხოების თვალსაზრისით ექნება პრობლემა. როგორც მან აღნიშნა, მშენებლობის პროცესში სახელმწიფომ ზედამხედველობის ფუნქცია უნდა შეითავსოს და აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე. გთავაზობთ მის გამოსვლას:

„რაც შეეხება ეკონომიკას, კრიზისი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გველის წინ. შესაბამისად, კრიზისის ნაწილში ჩვენ გვჭირდება გარკვეული გეგმის „დანახვება” და კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორ ვაპირებთ, რომ ეკონომიკა გადავარჩინოთ ამ მოსალოდნელ უმძიმეს შედეგებს.

ამავდროულად გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა. ინვესტიციების ნაწილში ყველამ ვიცით, რომ ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და ნამახვანჰესი ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი პროექტია, 800 მნლ დოლარის ღირებულების.

გარდა ამისა, ნამახვანჰესის უკან დგას დაახლოებით 80 ჰესის პროექტი. ანუ ნამახვანჰესზე სწორი კომუნიკაცია თუ არ მოვახდინეთ და თუ სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

და ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითი პრობლემა. შესაბამისად, ჩემი აზრით, უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ნამახვანჰესის ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხალი, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას.

მაშინ პრობლემა რეალურად რაში გვაქვს? თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ფინანსური ბენეფიტები აქვს, ანუ პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე რამეში – კომუნიკაციაში და ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვთავაზობთ, იმგვარ პლუსებს ვერ ვანახებთ, რაც უშუალოდ მათ მიწაზე (ის რეგიონი პირველ რიგში ხომ იმ მოსახლეობის არის, მათი სისხლი და ოფლია ჩაღვრილი და მათი წინაპრების)… და უნდა ვაჩვენოთ ამ ადამიანებს, ყველგან, სადაც ჰესი შენდება, რას მიიღებენ აქედან. გარდა იმისა, რომ მიწას უთმობენ. არ ვიცი, შეიძლება კონტრაქტორებთან ლაპარაკი, რომ პირობაში ჩაუდოთ, რომ რაღაც შეღავათები ჰქონდეთ გარკვეულწილად.

და ამავდროულად სახელმწიფომ უნდა აიღოს აბსოლუტური გარანტია მშენებლობის ხარისხზე. ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული. იმიტომ, რომ ჩვენც ხომ მტრები არ ვართ ამ ქვეყნის, პირიქით, გვინდა, რომ სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ და ინვესტიცია მოვიზიდოთ ხომ?!

ყველა, ვინც ამ მიმართულებას სწორად განახორციელებს, გააკეთებს ძალიან დიდ საქმეს ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა არ შეიძლება, რომ არ უნდოდეს რომელიმე პოლიტიკოსს ამ ქვეყანაში. ერთადერთი, ვისაც ეს შეიძლება აწყობდეს, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები არ ვიყოთ, ეს არის ჩვენი არაკეთილისმსურველი ქვეყანა, რომელიც ალბათ ეცდება, რომ მის იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებულები.

ამიტომ მთავრია, რომ კარგად ავუხსნათ მოსახლეობას რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ და ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა არა პრობლემა და არა პროტესტის მიზეზი, არამედ უნდა იქცეს განვითარებისა და უკეთესი მომავლის შანსად”, – განაცხადა დავითულიანმა.

დავითულიანის მსგავსად საკითხს ასევე გამოეხმაურა უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ირაკლი ზარქუა, აღნიშნა, რომ ჰესი საჭიროა. მან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა შესაბამისს უწყებებს და გამოთქვა პროცესებში მონაწილეობის მზაობა.

უმრავლესობის წევრი ზაზა ლომინაძე შაბათს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა. მისი აზრით, არაინფორმირებულობა იყო მიზეზი იმისა, რომ აქციაზე სხვადასხვა რეგიონიდან ამ რაოდენობის ადამიანი ჩავიდა.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ აუცილებელია არცერთი კითხვა არ დარჩეს მოსახლეობისთვის პასუხგაუცემელი. სხვადასხვა რეგონშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. მოვიწვიოთ პრესა, რომ მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას.

შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობაა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან ქუთაისში ჩასულიყო იყო მოსახლეობა და აპროტესტებდნენ უმნიშვნელოვანესი ჰესის მშენებლობას”, – აღნიშნა მან.