პრობლემა მწვავეა და მისი სასწრაფოდ მოგვარება ყველას ინტერესია – „ლელო“ ნინოწმინდის პანსიონზე

პუბლიკა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დროს გაჩენილმა ბევრმა კრიზისმა და განსაკუთრებით ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ხელისუფლების უუნარობა და ინსტიტუციონალური რღვევა, ამას ადასტურებს სახალხო დამცვველის მოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში, ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რამდენიმე საქმეა აღძრული. დანაშაულებრივია ხელისუფლების უმოქმედობა ამ თემაზე გაურკვეველი და ბუნდოვანი ელექტორალური ზიანის შიშით. პრობლემა მწვავეა და მისი სასწრაფოდ მოგვარება ყველას ინტერესია, რადგან ბავშვების უფლებები ირღვევა და ილახება, როგორც სახელმწიფოს ისე ეკლესიის იმიჯი.

როდესაც საზოგადოებაში არის ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა და ეჭვი არსებობს მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში, არ შეიძლება გაგრძელდეს ეს აუხსნელი ჩაკეტილობა, უნდა გაიხსნას პანსიონის კარი, რათა შეკითხვებს გაეცეს პასუხი, იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქო თავად გადადგამს ამ ნაბიჯს, შემდგომი პროცესი გახდება გამჭვირვალე და საზოგადოებას მიეცემა ამომწოურავი პასუხი ყველა კითხვაზე. კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, რომ დროზე გაატაროს ყველა ქმედითი ღონისძიება იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.