პრობლემური სესხის გამო ადამიანებს გამუდმებით ავიწროებენ და ფსიქოლოგიურად ძალადობენ - კვლევა

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მტაცებლური სესხები ხშირად უსახლკარობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევის მიზეზი ხდება.

ანალიტიკური დოკუმენტის – „მოსახლეობა მევახშეების პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები“ მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015-2019 წლებში, საშუალოდ ყოველ წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 130 000 სესხის ხელშეკრულებაა დარეგისტრირებული. მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია და მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში ეს რიცხვი 153 820-ს გაუტოლდა. ამ ტიპის სესხების ჯამური მოცულობა კი 10 მილიარდ ლარამდეა (რაც მთლიანი სესხების მოცულობის 31.33%-ს შეადგენს).

დოკუმენტში ასევე ყურადღება გამმახვილებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაზეც, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციას ეყრდნობა. ამ კვლევის მიხედვით, 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სულ 17 589 უძრავი ქონება გაყიდა. კვლევიდან ირკვევა, რომ კრედიტორების მიხედვით მონაცემების გამიჯვნა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2013 წლის ბოლო კვარტლიდან დაიწყო და აღნიშნული ორგანიზაციის პირველ პუბლიკაციაში ნახსენებია, რომ 2015 წელს გაყიდული უძრავი ქონების 56.6% (720 უძრავი ქონება) ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ მევახშეების მიერ იყო რეალიზებული; 2016 წელს კი რეალიზებული უძრავი ქონების 55%-ია მევახშეების მიერ რეალიზებული (978 შემთხვევა). 2019 წლის ათი თვის მონაცემებით, სულ რეალიზებული 1 039 უძრავი ქონებიდან, შემთხვევების 49% მევახშეებზე მოდის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კვლევამ გამოავლინა ისეთი შემთხვევები, როდესაც 2010 წელს $15 000-ის მსესხებელს უკვე $54 000 აქვს გადახდილი კრედიტორისთვის, ის კი საპასუხოდ იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვას ითხოვს, რითიც დამატებით $65 000-ის მიღება სურს. ასევე, 2015 წელს $6 000-ის მსესხებელს უკვე $14 000 აქვს გადახდილი კრედიტორისთვის, ეს უკანასკნელი კი მის ბინას მაინც დაეუფლა და მის ორ მცირეწლოვან შვილს ბინიდან გამოსახლებით ემუქრება. ასევე,  2012 წელს $7000-ის გასესხებით კრედიტორი 150 წლის ეზო-კარს დაეპატრონა და ოჯახისგან $22 700-ს ითხოვს უძრავი ქონების უკან დასაბრუნებლად.

საქართველოში საპოლიციო გამოსახლების წესი 2016 წლიდან შეიცვალა, რის შემდეგაც კრედიტორს გამოსახლების პროცედურის დაწყება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე აღარ შეუძლია. EMC-ის შეფასებით, ამ ცვლილებას მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებია. კვლევაში მონაწილე რესპონდენტების შეფასებითაც, აღნიშნული ცვლილების ერთადერთი დადებითი შედეგი ის არის, რომ გამოსახლების პროცედურა ჭიანურდება.

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც […] მევახშეებს მოტყუებით გამოუყვანიათ სახლის ბინადარი პირები სახლიდან, ან უცდიათ იმ დროს დაელუქათ ბინა, როდესაც სახლის ბინადარი პირები სახლში არ იმყოფებოდნენ. სახლის ბინადართა მიერ დალუქული ბინის კარის გახსნა, სისხლის სამართლის დანაშაულია და კერძო საკუთრების ხელყოფის მუხლით კვალიფიცირდება. კვლევის ერთ-ერთი იპოთეკით დაზარალებული რესპონდენტი იხსენებს, რომ მან არ იცოდა საკუთარი ბინის გასხვისების შესახებ, აჭარიდან თბილისში დაბრუნებულს, საკუთარ ბინაში შესვლა სისხლის სამართლის დანაშაულად დაუჯდა და 6 თვე საპატიმრო სასჯელიც მოიხადა“.

დოკუმენტის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებს დალუქული ბინის შიგნით რჩებათ საკუთარი ავეჯი მისი ტრანსპორტირების შეუძლებლობის გამო. ასევე, ზოგჯერ, გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზარალებულებს დალუქულ ბინაში რჩებათ გადაუდებელი საჭიროების პირადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და ა.შ. ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ინექციური პრეპარატის მომხმარებელია და მას ამ საშუალების გამოტანის ნებაც კი არ დართეს, ისე გამოიყვანეს მოტყუებით სახლიდან. რესპონდენტები ასევე ჰყვებიან თვითმკვლელობის მცდელობებზეც იმ დღეს, როდესაც მათ აიძულებდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი.

„შესწავლილ მაგალითებს შორის იყო გაუარესებული ჯანმრთელობის შემთხვევებიც, როდესაც საცხოვრისის დაკარგვის გამო ნერვიულობის ფონზე, დაზარალებულებს ფსიქოსომატური პრობლემები შეექმნათ. იპოთეკით დაზარალებული ერთ-ერთი რესპონდენტი საკუთარი თვითმკვლევლობის მცდელობაზეც გვიამბობდა. სხვა ისტორიებში მკაფიოდ ჩანს ემიგრირებული მოსახლეობის სიმრავლე“, – აღნიშნულია დეკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, ასევე გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები: 

► საქართველოს მოსახლეობის 92% საკუთარ ბინაში ცხოვრობს, თუმცა არსებული სტატისტიკური მონაცემები საფუძველზე შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებში საკუთარ ბინაში მაცხოვრებელთა პროცენტული წილი მკვეთრად შემცირდება.

► განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, არასდროს იზღუდებოდა მევახშეური საქმიანობა, პერიოდული რეგულირების საგანს მხოლოდ სასესხო ხელშეკრულებებში საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენდა.

► დაკრედიტების მზარდ სტატისტიკაში ჩანს კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი და შეუბოჭავი ძალაუფლება, რომ დაეუფლონ იპოთეკით დატვირთულ ქონებას. ისინი ბოროტად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობითა, გამოუცდელობით თუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობით.

► მტაცებლურ პრაქტიკებს ხელს უწყობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩავარდნები.

► პრობლემაა ე.წ. თვალთმაქცური პირობები უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებში როგორიცაა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, ნასყიდობისა. მტაცებლურ პრაქტიკებს აადგივლებს იპოთეკის ხელშეკრულებების

► მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ზეწოლა და შევიწროვება ბანკებში არსებული „პრობლემური აქტივების მართვის“ ბიუროებისა და კერძო აღმასრულებელთა მხრიდან, რომლებიც სრულად მოითხოვენ მსესხებლებისგან მათ ხელთ არსებული კაპიტალის რეალიზებას. გაპრობლემებური სესხის გამო ადამიანებს გამუდმებით ავიწროებენ და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ აღმასრულებელები.

► უძრავი ქონების რეალიზება იძულებითი აუქციონების საშუალებით ხდება, რაც ქონების ე.წ. სპირალისებულ გაუფასურებას იწვევს. გაყიდული ქონების ბევრ შემთხვევაში, მყიდველები თავად კრედიტორები არიან.

► სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების სოციალურ შედეგთა შორისაა: გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, გაუარესებული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, სუიციდი, ემიგრაცია, ოჯახების დისინტეგრაცია და კონფლიქტები. ამასთან, საბაზრო ძალაუფლების გადამეტების მსხვერპლები ხშირად ხდებიან ქალები, ვისაც ოჯახის წევრებს შორის ყველაზე ნაკლები ეკონომიკური აგენტობა და ცნობიერება აქვთ, ან მარტოხელა ქალები ვის ოჯახშიც მამაკაცმა დატოვა მძიმე საკრედიტო ისტორია.

► აღსრულება სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე – მხოლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ე.წ. შუამავალი სუბიექტების არსებობა მსესხებელსა და მევახშეს შორის, მევახშეების მიერ სახლის ბინადრების მოტყუებით სახლიდან გამოყვანა და დალუქვა და სხვა.

► სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების სოციალურ შედეგთა შორისაა: გაუარესებული საცხოვრებელი პირობები, გაუარესებული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, სუიციდი, ემიგრაცია, ოჯახების დისინტეგრაცია და კონფლიქტები.


კვლევა 2020 წლის იანვარში დაიგეგმა და 2020 წლის თებერვალში სესხის ხელშეკრულებით დაზარალებულებთან 10 პირისპირ ინტერვიუ ჩაიწერა. დამატებით რამდენიმე პირისპირ ინტერვიუ ჩაიწერა იპოთეკით დაზარალებულთა კოლექტიური წინააღმდეგობის ორგანიზატორ, მამისა ჯაფარაშვილთან, ასევე, ამავე წინააღმდეგობაში ჩართულ ადვოკატებთან, შალვა გეწაძესა და სოფო ქანთარიასთან. აღნიშნულ პირთა გარდა ყველა რესპონდენტის ვინაობა ანონიმურად რჩება. პირისპირ ინტერვიუები ერთ საათამდე ხანგრძლივობის იყო და წინააღმდეგობის ორგანიზატორთა სივრცეში მიმდინარეობდა.

ინტერვიუები ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ღია კითხვარის მეშვეობით, სადაც მთავარი აქცენტები ვალის ისტორიას ეხებოდა: რა მიზეზით და როდის დაიწყო პრობლემური სესხის ისტორია; რა სქემებით ხდებოდა სასესხო ვალდებულებებში შესვლა; რა შედეგებამდე მივიდა დაზარალებულთა შემთხვევები.