პროცესი გულისხმობს ეროვნულ თანხმობას სხვადასხვა ისტორიულ მოვლენაზე – წილოსანი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრები განაახლა.

დღეს ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკოსებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი, რომლის განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესის არასწორი ინტერპრეტაციაა საუბარი ვინმესთვის დანაშაულის პატიებაზე. წილოსანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.

„ეს პროცესი, რომელიც დაიწყო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, გულისხმობს ეროვნულ თანხმობას სხვადასხვა ისტორიულ მოვლენაზე, იქნება ეს 7 ნოემბერი თუ სხვა წინა პოლიტიკური მმართველობის დროს და მათ შორის დღემდე არსებული ყველა მოვლენა, რომელსაც საზოგადოება და დისკუსიაში მონაწილე მხარეები შეარჩევენ და გადაწყვეტენ, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე შეგვიძლია, საზოგადოება შევთანხმდეთ.

წითელი ხაზები, რომლებზეც შეიძლება, ენმ ან სხვა პარტიები საუბრობენ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება ქმედითი. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმართული პროცესი და მათში პოლიტიკური პარტიების არმონაწილეობაც ვერ იქნება გადამწყვეტი. ამ პროცესს წარმართავს პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად“, – თქვა წილოსანმა.

ზურაბიშვილთან აუდიენციაზე იყვნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია.

„მართლმსაჯულების თემა ისეთი თემაა, რომელსაც ერთი შეხვედრა ვერ ამოწურავს.

როგორ შეიძლება ეს პრობლემები დაიძლიოს, ქალთა როლის გაძლიერების კუთხით, რასაც ფიქრობს თვითონ, რომ ამ თემებზე იმუშაოს მანდატის ფარგლებში. აქაც რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, ალბათ, საინტერესო იქნება უფრო კონკრეტული საუბარი ამაზე და ვფიქრობ, ორივე თემა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საყოველთაო თანხმობის ინიციატივა გადავიდეს კონკრეტულ და დროულ ნაბიჯებზე.

„ეს პროცესი უნდა მიემართებოდეს ტოქსიკური ვაკუუმის შევსების მცდელობას, როდესაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში არის აბსოლუტური მიუღებლობა და მოუსმენლობა და დაიწყოს პლატფორმის შექმნა, სადაც შეძლებენ საუბარს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ეკა გიგაურის პოზიციით კი, საზოგადოებას ამ პროცესზე სწორი მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელშიც შეფასებული იქნება საქართველოში არსებული ყველა პროცესი. მნიშვნელოვანია, ასეთი რამ გაკეთდეს. მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისითაც, რადგან მე არ მახსენდება არც ერთი დოკუმენტი, რომელიც სიღრმისეულად შეაფასებს ამ ყველაფრს“, – განაცხადა გიგაურმა.


ეროვნული თანხმობის პროცესი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის დასასრულს წამოიწყო. ამ მიზნით პრეზიდენტი პოლიტიკურ ჯგუფებს და საზოგადოების წევრებს შეხვდა.