პროცესი უნდა გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები – ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენი სურვილია, ზოგადად, გაფართოვდეს ვაქცინაცია რეგიონებში. გვინდა, რომ უფრო აქტიურად, ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლოებას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე 50 წელს ზემოთ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით.  ეს პროცესი უნდა გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილ იქნა მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია, საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაშიც ნარჩუნდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე, მიუხედავად ახალი გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკისა, ჯერჯერობით, არ ასახულა ეს ყოველივე ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა, ძირითადად, ლაბორატორიულ და ჯანდაცვის პირევლადი რგოლის დონეზეა…

იმის მიუხედავად, რომ „ომიკრონი“, ვუსმენთ რა ექიმებსა და მეცნიერებს, საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაღალია მათთვის განსაკუთრებით, ვინც არის ასაკში და ქრონიკული დაავადებები აქვს. ამ ჯგუფებზე უნდა გაკეთდეს მეტი აქცენტი. 50 წელს ზემოთ წამახალისებელი კამპანია ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იქნას ათვისებული“, – განაცხადა პრემიერმა.