აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის დღევანდელ პროცესზე დაიკითხა გდდ-ის ორი თანამშრომელი – ლაშა გელაშვილი და გიორგი გობრონიძე. მათ თქვეს, რომ აღჭურვილობაზე მაიდენტიფიცირებელი ნომრები ეწერათ.
შსს საპირისპიროს ამტკიცებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის 2024 წლის 31 დეკემბერს გაგზავნილ წერილში, რომელიც „პუბლიკამ“ მოიპოვა. უწყებდა აღჭურვილობის დანომვრას უარყოფდა.
„გდდ-ს მოსამსახურეებზე სპეციალური საშუალებებისა და აღჭურვილობის გადაცემა ხორციელდება რაოდენობრივად, კონკრეტული ნომრის მითითების გარეშე… შესაბამისი დანაყოფების მიერ არ ხორციელდება მოსამსახურეთა აღრიცხვა ჩაფხუტის ნომრების შესაბამისად“, – წერდა შსს ოფიციალურ წერილში.
„პუბლიკა“ ასევე გთავაზობთ დაკითხვის ფრაგმენტებს დღევანდელი პროცესიდან;
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: თქვენ რაც ამ სამსახურში მუშაობთ, რაიმე ნომერი ამოსაცნობი, მაიდენტიფიცირებელი თქვენმა უფროსმა მაინც რომ დაგაიდენტიფიციროთ, თუ გქონიათ?
მოწმე ლაშა გელაშვილი: დიახ
ადვოკატი: და რა კონკრეტულად?
მოწმე: რომ ამოგვიცნონ, ვინც ვართ
ადვოკატი: ნომრები გაქვთ?
მოწმე: კი
ადვოკატი: ეს ნომრები აქციაზე წასვლის წინ მოგხსნეს?
მოწმე: არა, რა თქმა უნდა
ადვოკატი: ნომრები გქონდათ? თქვენ რა ნომერი გქონდათ, რომ გვითხრათ.
მოწმე: რავი, კონფიდენციალურია
ადვოკატი: კონფიდენციალური არ არის
მოწმე: 36 ნომერი
ადვოკატი: და ეს ნომერი სად ეწერა თქვენს ფორმაზე?
მოწმე: კასკაზე და თვითონ „რობოკოპზე“
***
ადვოკატი ომარ ფურცელაძე: თქვენს ეკიპირებას თუ ჰქონდა ნომერი, ამომცნობი ნიშანი?
მოწმე გიორგი გობრონიძე: ფორმაზე მაქვს
ადვოკატი: თქვენს „რობოკოპს“ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი
მოწმე: დიახ, 106
ადვოკატი: ამ 106-ის ლოგიკა ხო არ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა პრინციპით ხდება, თუ არის თქვენთვის ცნობილი.
მოწმე: არა
გდდ-ის თანამშრომლებს – ლაშა გელაშვილსა და გიორგი გობრონიძეს დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ აქციაზე დაზიანება მიიღეს, თუმცა არ დაუნახავთ ვისგან. მათ არც კონკრეტული ბრალდებული დაუსახელებიათ.
გდდ-ის თანამშრომლები აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესზე დაიკითხნენ. ამ საქმის ფარგლებში პატიმრობაში არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.