4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 10 პირის საქმეზე ვიდეოების გამოკვლევა გრძელდება. დღეს, 8 იანვარს ბრალდების მხარემ ორგანიზატორებად მიჩნეულ პირებზე რამდენიმე ვიდეო წარადგინა.
10 პირის საქმეში გაერთიანებული არიან შემდეგი ბრალდებულები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია.
წარმოდგენილ ვიდეოებს შორის იყო ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის სატელევიზიო კომენტარები, 4 ოქტომბრის ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წარდგენის ვიდეო, ზოდელავა-ნადირაძის მიერ ათონელის სასახლის ეზოში გადასვლის კადრები. ასევე, პაატა ბურჭულაძის ანალოგიური კადრი.
პროკურორებმა ასევე აჩვენეს ირაკლი შაიშმელაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე ვიდეოფაილი.
პროცესზე ასევე გამოიკვლიეს ნიკა გვენცაძესა და გური ჟვანიაზე საქმეში არსებული ვიდეოებიც.
დაცვის მხარემ ამ ეტაპზე მხოლოდ მოკლე რეპლიკებით შემოიფარგლა. ვრცლად ისინი ამის შესახებ დასკვნით სიტყვაში ისაუბრებენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ირაკლი ნადირაძის დღეს გამოკვლეული სატელევიზიო კომენტარი არ ადასტურებს, რომ საქმე ეხებოდა რაიმე გეგმას.
რაც შეეხება ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის ვიდეოს, მისივე თქმით, ეს ვიდეო არ ნიშნავს იმის ორგანიზებას, რაც ბრალდებულებს აქვთ წარდგენილი. მისი შეფასებით, ეს იყო პოლიტიკური პერფორმანსი.
ამ ვიდეოსთან დაკავშირებით ასევე ვრცლად ისაუბრა პაატა მანჯგალაძემაც და მისი თქმით, გაიხსენა, მისი გადაღების ისტორიაც:
„…მაგ დღეს ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, ყველა იქ იყო მისული და იქ ჯობდა, მივსულიყავი, შემთხვევით რომ არ ვყოფილიყავი [მისული], არც მოვხვდებოდი მაგ ვიდეოში.
იურისტი ვარ და კარგად ვერკვევი, წინასწარი ორგანიზებისთვის ხომ უნდა იყოს ყველაფერი, წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით, გადაწყვეტილება ხომ უნდა მიგვეღო ან მანამდე ან შემდეგ, რაც ეს ვიდეო ჩავწერეთ – ასეთი რამე არ ყოფილა… თავიდან სურათის გადაღებაზე იყო ლაპარაკი, ფოიეში ვიდექი და მკითხეს, სურათის გადაღებისთვის თუ ვიყავი მზად. მერე თქვეს, ეს სურათი არაფერს არ გვაძლევსო და რამე ვიდეო ჩავწეროთო და რაღაცა ვთქვათო. ეს იყო და არაფერი სხვა.
ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, რომ ამ ვიდეოზე მითქვამს, რომ ეს პერფომანსი არ არის უწყინარი და შეიძლება, ამ მთავრობის და გამოძიების პირობებში ეს გამოყენებული იყოს ჩვენს საწინააღმდეგოდ, ესეც მითქვამს, რომ ეს არ არის ხუმრობა. ამის იქით შინაარსი ამ ვიდეოს არ გააჩნია. არანირი ორგანიზება, წინასწარი განზრახვა, როლების განაწილება, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. იმ დღეს ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ არანაირი ორგანიზატორი მე არ ვარ… ყველგან ვამბობ, რომ მე არ ვარ ორგანიზატორი.
ახლა გამოდის, რომ ამ უბრალო, უწყინარი პერფომანსის გამო, არც კი ვიცოდი, თუ დაიდებოდა საჯარო სივრცეში და უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩამწერეს, ვიდეო მაქვს გადაღებული, არ ვიცოდი, ვერ წარმომედგინა… არანაირ წინააღმდეგობაზე, არანაირ რამის დაგეგმვაზე, დამხობაზე, მით უმეტეს, 14 წლის ბავშვთან ერთად ვიყავი აქციაზე. ვერ იპოვით ერთ ადამიანს ვინც იტყვის, რომ რაიმე შეკრება, სადაც გაიგებდა ამ ხალხის და ჩემი მონაწილეობით რამეს, ესაა აბსურდი. ნებისმიერ ადამიანს ასეთი სტანდარტით გამოაცხადებთ დამნაშავედ, მით უმეტეს, არავინ დაცული არაა“, – თქვა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ ვიდეოს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ვიდეოში ნახსენები გეგმა ნიშნავდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გეგმას. თქვა, რომ არ ემიჯნება ამ განცხადებას, ვინაიდან მაშინაც ასე ფიქრობდი და ახლაც, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
მისივე თქმით, ვერავინ მოიტანს ისეთ მტკიცებულებას, სადაც რამე ძალადობრივი იგეგმებოდა.
დაცვის მხარეს ასევე მოკლე რეპლიკები ჰქონდა ვიდეოკადრებზე, სადაც პროკურატურის მტკიცებით ზოდელავა-ნადირაძე შედიან ათონელის სასახლის ეზოში.
„ვითომ ორგანიზატორებიო – თუ ორგანიზატორები იყვნენ, ვერ მოუყარეს თავი ხალხს? როლების განაწილება, გეგმა არ ყოფილა”, – ბასილაიას თქმით, ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ არანაირ ორგანიზებულ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
ირაკლი აბესაძის თქმით, ობიექტის დაკავების მცდელობად ვერ ჩაითვლება ის, რომ ღობის იქით ორი ადამიანი გადადის [ვრცლად იხილეთ „პუბლიკის” ვიდეო].
პროცესზე ისაუბრა მურთაზ ზოდელავამაც. მისი თქმით, აქცია იყო სპონტანური, მანამდე კი გამოყენებული იყო სწორი მესიჯბოქსი, რამაც ხალხი აქციაზე გამოიყვანა.
მან აღნიშნა ისიც, რომ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის მუხლის ირგვლივ შესაძლოა, წარიმართოს მსჯელობა. მისი თქმით, ამგვარად ფორმულირება მას გამოუცდელობით მოუვიდა.
„ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური, გულწრფელი პროტესტი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, იმიტომ, რომ იყო კრეატიული მესიჯები, იყო სამწუხაროდ მითოლოგიური შლეიფი, მითოლოგია, რომელიც შეიქმნა და ამ მითოლოგიაში იყო, რომ ვიღაცა მაღალი თანამდებობის პირი [გვეხმარებოდა], აბსოლუტურად აბსურდული, რა თქმა უნდა… როგორც ჩანს, ხალხში ეს იყო. ამ კრეატივმა და მოლოდინებმა, განსაკუთრებით მითოლოგიზირებულმა მოლოდინებმა, რომ ვიღაც შეიძლება მოქმედი გადმოვიდეს, ისეთი დადიოდა ბოლო პერიოდში, რომ თითქოს თვითონ ბიძინა ივანიშვილიც პაატა ბურჭულაძის მხარს იყო გადმოსული. ამ ბევრმა მითმა მოიყვანა ბევრი ადამიანი და შემდეგ მოხდა, რაც მოხდა, როდესაც ნახეს, რომ ამ მითოლოგიას რეალობასთან შემხებლობა არ ქონია.
თუ რეალურად ჩვენ რაც მოვისმინეთ პაატასი, პაატა მანჯგალაძის, ჩემი, ირაკლი ნადირაძის, საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს არის პოლიტიკური, საჯარო ვორდინგი, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, სხვანაირი აქცია, პროტესტი ამ ქვეყანას უბრალოდ არ ახსოვს, სადაც არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს… რაც შეეხება ორგანიზებას, გეუბნებით, ყველაფერი იყო საჯარო, საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები, ბევრი მითი შეიქმნა ასევე, კიდევ ვიმეორებ… იყო ბევრი მითი, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა გარკვეული მიზნებით ატრიალებდა და ამას შეეწირა კონკრეტული ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ბაჩო ახალაიას ვგულისხმობ… თვითონ ორგანიზება იმდენად საჯარო იყო, აქციის მოძახილი, სწორი ვორდინგი, რომელმაც ბევრი ხალხი მოიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ასევე იყო ბევრი მითოლოგიური შლეიფი…
ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანია ის ეპიზოდი, სადაც მე მოვუწოდებ ადამიანებს ათონელის მოედნისკენ გადანაცვლებისკენ და აქ ჩემი გამოუცდელობით, მე პირველად ვიყავი აქციაზე მიკროფონთან, შესაძლოა, ჩემი მოწოდების ფორმა… ჩემი გამოუცდელობით იმგვარად იქნა მოწოდება ჩემი, რომ მართლა შეიძლება ობიექტურად მიმდინარეობდეს მხოლოდ ამ საქმეზე მსჯელობა ბლოკირება თუ რაც არის ეს მუხლი [19-222], მართლა შეიძლება, გამოიწვია თუ არა ამ ადამიანის უნებლიე ვორდინგმა, ამაზე მსჯელობა მართლა ობიექტურად შეიძლება ერთადერთ მუხლზე, 19-222-ე მუხლზე. ამაზე უნდა ვდაობდეთ, ჩემმა მოწოდებამ ახალი ლოკაციის ათვისებისა გამოიწვია თუ არა [ბლოკირება]… ჩემმა არასწორმა, გამოუცდელი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია თუ არა 19-222“, – განაცხადა ზოდელავამ
რაც შეეხება შაიშმელაშვილს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მასთან დაკავშირებით პროცესზე რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომელიც საჯაროდ გავრცელებული, სატელევიზიო მასალა იყო. მისმა ადვოკატმაც მოკლედ აღნიშნა, რომ ვიდეოს შინაარსი არ შეიცავს იმას, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოებს შორის იყო ნიკა გვენცაძესთან დაკავშირებული კადრებიც. როგორც პროკურორმა ვაჟა თოდუამ აღნიშნა, ვიდეოში ჩანს, რომ გვენცაძემ ისროლა გარკვეული ნივთი და რომ ის ასევე ცდილობდა ღობის დაზიანებას.
მას შეკითხვა დაუსვა თავად ბრალდებულმაც და მოსთხოვა, დაეკონკრეტებინა, დაზუსტებულია თუ არა, რა ნივთი ისროლა მან:
– ბრალდებული ნიკა გვენცაძე: რა ნივთი ვისროლე, შეგიძლიათ, მითხრათ?
– პროკურორი ვაჟა თოდუა: ნივთი რომ არის ნასროლი, აშკარად ჩანს და ჩანს, რომ ის მიემართება პოლიციელების მიმართულებით.
– რა ნივთია, არ ჩანს?
– არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში აქვს იმას, რომ განახორციელეთ ძალადობრივი მოქმედებები პოლიციელთა წინააღმდეგ.
– ქაღალდია თუ ქვის ნაჭერი არ აქვს მნიშვნელობა?
– ბატონო მოსამართლე…
პროცესზე ნახეს ასევე გური ჟვანიასთან დაკავშირებით საქმეში არსებული ვიდეო. პროკურორის თქმით, ვიდეოში ჩანს, რომ ის მიდის პოლიციელებთან და რამდენჯერმე ურტყამს ფეხს.
ადვოკატმა ამ ეტაპზე აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ვიდეოში ჩანს ისიც, რომ „არავის მითითებით ეს ადამიანი არ მოქმედებს, თავის ინიციატივით აკეთებს, რასაც აკეთებს”. ვიდეოს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში შეაფასებს.