მეორე დღეა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვებს პასუხობენ. მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილისა და რატი იონათამიშვილის შემდეგ დღეს კომენტარი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.
გუშინ, 12 სექტემბერს პროსახელისუფლებო მედია – ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანები ამბობდნენ, რომ ხარჯებთან დაკავშირებით „დეტალური ინფორმაცია“ ვებგვერდზე ეძებეს, თუმცა ვერ მოიძიეს.
„ორგანიზაციის ვებგვერდებზე შესაძლებელია დონორების სიის ნახვა, თუმცა, როცა საქმე ეხება კონკრეტულ მიმდინარე თუ განხორციელებულ პროექტს, აქ ინფორმაცია არის საკმაოდ მწირი. არ არის ცნობილი სამიზნე ჯგუფები, თუ ვისთვის განხორციელდა აღნიშნული პროექტი; არც კონკრეტული პროექტის მიზნობრიობასთან დაკავშირებული ინფორმაციაა ცნობილი და არ არის დაკონკრეტებული, როგორ განაწილდა ბიუჯეტი. შეხვდებით ისეთ პროექტებსაც, სადაც არაა დაკონკრეტებული დაფინანსების წყარო და დონორი ორგანიზაციაც კი…“, – ამბობდა ჟურნალისტი.
ირაკლი კობახიძესაც მიაჩნია, რომ გაუმჭვირვალეა NGO-ების ხარჯები და ის ამ ორგანიზაციებს საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტებისკენ მოუწოდებს.
„არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი NGO, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება და როდესაც ისინი გამოდიან, მით უმეტეს პოლიტიკური მოთხოვნებით, და აჩვენებენ პოლიტიკურ ამბიციას, მით უმეტეს მათ აქვთ მორალური ვალდებულება, რომ საზოგადოების წინაშე აჩვენონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი.
თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი ხარჯები, და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არავითარი ინფორმაცია არ აქვს. რაც ქმნის რისკებს, ბუნებრივია. ჩვენი ქვეყანა არის პატარა, პატარა სახელმწიფო, მოწყვლადია სხვადასხვა ტიპის რისკების მიმართ. ასეთ დროს გამჭვირვალობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. არამარტო პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ გამჭვირვალე ფინანსური კუთხით, არამედ იგივე ეხება ამ NGO-ებსაც, განსაკუთრებით ყველაზე მდიდარ NGO-ებს, რომელიც არიან პირდაპირ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში და რომლებიც გამოხატავენ საკუთარ პოლიტიკურ პრეფერენციებს. რატომ არის მათი საქმიანობა გაუმჭვირვალე, ესაც რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს.
…საზოგადოებამ უნდა განავითაროს მსჯელობა ამ ყველაფერზე და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ მათი ხარჯები იყოს გამჭვირვალე. ამის ვალდებულება მათ დღეს კანონით არ აქვთ, მაგრამ ეს არის მორალური ვალდებულება, თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და საზოგადოება დამატებით დასკვნებს გამოიტანდა”, – განაცხადა კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან ორგანიზებული განცხადებები აჩვენებს, რომ ხელისუფლება პროდასავლური ღირებულებების ლობირების გამო ახლა არასამთავრობო სექტორს ჩაუსაფრდა.
„ქართულ ოცნებას” აინტერესებს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები, მაგრამ არ აწუხებს „ალტ-ინფოსა” და მისთანების დაფინანსება. პროდასავლური ღირებულებების ლობირების გამო ახლა არასამთავრობო სექტორს ჩაუსაფრდა ხელისუფლება, პრორუსული ძალების მიერ მოწყობილ მასობრივ ძალადობაზე კი დუმს.
არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროებიც ღიაა და ისიც, რაში იხარჯება ეს ფული, საიტზე კარგად უნდა მოძებნოთ და რამეს თუ ვერ ნახავთ და გაინტერესებთ, არც ესაა დამალული, ღია კარების მტვრევას მოეშვით. ჩვენი ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ამოწმებენ და თქვენ ნუ დარდობთ, ყველაფერი წესრიგშია.
და ბოლოს, ხალხს ის აინტერესებს, სახელმწიფო ჩინოვნიკები და მათი ნათესავები სახელმწიფო ბიუჯეტს რომ ჭამენ და არა ჩვენი ფინანსები, რომელიც კარგადაა უკვე შემოწმებული”, – წერს სიმონიშვილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილიც გამოეხმაურა „ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს. მისი თქმით, საფიქრებელია, რომ ხელისუფლებას NGO-ების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადება სწადია.
„ეს ანტიდასავლური ცრუმეტყველება პრიმიტიულ პუტინისტ ამომრჩევლებზეა გათვლილი, რომლებიც სამწუხაროდ, მოგიმრავლდათ „ქართულ ოცნებას”, დასავლელი ამომრჩევლების შემცირების ხარჯზე.
ძალიან კარგად იცით, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები, ვისზეც ასე რაშისტული ტერმინების გამოყენებით საუბრობთ, სრულად გამჭვირვალეა და ყოველი თეთრი არის აღრიცხული, რომელი ფონდიდან რა ჩაირიცხა და როგორ დაიხარჯა.
რას გეგმავთ?!
უცხო ქვეყნის აგენტებად გინდათ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადება, ხომ?!
აჯობებს, თქვენი იდეური მოკავშირე „ალტ-ინფოს”, „ქართული მარშის” და სხვა ათასი ჯურის რუსეთუმე მოღალატეების დაფინანსების წაროები მოიკითხოთ – სოკოებივით რომ მომრავლდა ოფისები რეგიონებში და ვითომ რომ არ იცით, რა თანხებით გახსნეს ეს ოფისები”, – წერს ის.