შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა, – ინფორამაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
„ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი.
ასევე, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ერთ-ერთი დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა გაევრცელებინა სხვა დასაქმებულებზეც. სხვადასხვა შემთხვევაში, დასაქმებულს კაბალური პირობების დაკმაყოფილება და პასუხისმგებლობის კერძო საკუთრებით – უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფაც უხდებოდა.
ზემოთ ჩამოთვლილთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, როცა კომპანიის მიერ არ არის ცნობილი ზიანის მიმყენებელი კონკრეტული დასაქმებულის ვინაობა, მატერიალური პასუხისმგებლობის კოლექტიურად გადანაწილება სცდება კანონით დადგენილ დასაქმებულთა პასუხისმგებლობის შრომის კოდექსით დადგენილ ფარგლებს.
კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად”, – ნათქვამია შრომის ინსპექციის განცხადებაში.