„დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ ბაიდენთან უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებულ მშვიდობის ფორმულაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია, რაც უკრაინას ომის შეჩერებაში დაეხმარება.
ასევე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე მიტანილი იერიშების შემდეგ რუსეთმა ენერგოსისტემის 50% გაანადგურა. ამიტომ ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რომ გააგრძელოს დახმარება საჰაერო თავდაცვის კუთხით, რაც უკრაინას თავისი მოქალაქეების დაცვის საშუალებას მისცემს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. როგორც ყოველთვის არსებითი და პროდუქტიული საუბარი იყო. ჩვენ ძალიან ძლიერ შეთანხმებებს მივაღწიეთ. დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი იქნება, რომელშიც უკრაინაც მიიღებს მონაწილეობას და აშშ-თან შევათანხმეთ ჩვენი პოზიცია.
მოხარული ვარ, რომ საუბრისას ვიგრძენი, ჩვენი მშვიდობის ფორმულა პოზიტიურადაა აღქმული. ეს ოპტიმიზმს მმატებს. რაც უფრო მალე ამუშავდება ეს ფორმულა, მით უფრო ძლიერი იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის შემდეგ.
თავის მხრივ, თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა გამოხატა მზაობა, რომ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას პრიორიტეტად მიიჩნევს.