„იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია მივალთ კონსენსუსამდე. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ პრინციპი – მოქალაქეს რამდენი აქვს საშუალო შემოსავალი, რომ შესაბამისი წესის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მის მიერ სანქციის გადახდა“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მოგეხსენებათ, რომ პარლამენტი კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი წესების დარღვევისთვის ჯარიმებს განსაზღვრის კანონპროექტზე მუშაობს.
ოხანაშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად ახალ სიტუაციასთან ადაპტირებაა საჭირო.
„ნომერ პირველ საკითხად დაისვა პირბადე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი საზოგადოების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა პასუხიმგებლობასთანაა დაკავშირებული პირბადის ტარება. პროექტის ფარგლებში გავწერეთ მთელი რიგი საკითხები, მაგალითად, პირბადის ტარების აუცილებლობა დახურულ სივრცეში. საერთაშორისო სტანდარტები, ჯანდაცვის რეკომენდაციები მიუთითებენ, რომ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია. იმ შემთხვევაში, თუ პირი უგულებელყოფს ამ წესს, ამით რისკის ქვეშ დააყენებს თანამოქალაქეს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ფულადი სანქციის დაწესება. ჩვენი მიზანია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ ვალდებულებას, რომელიც საზოგადოების წინაშე გვაქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის კომენტარის წერილობით ვერსიას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.