პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართავენ

პუბლიკა

დღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და განათლების მკვლევრებმა განცხადებით მიმართეს განათლების სამინისტროს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უმაღლესი განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს გამჭვირვალე პროცესს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს და ფართო აკადემიურ/საზოგადოებრივ არსებით განხილვას.

მოძრაობა „ქართული განათლება საფრთხეშია“ განცხადების სტულ ტექსტს აქვეყნებს:

„2025 წლის 1 დეკემბერს დამტკიცებულ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით დღემდე არ არის საჯაროდ წარმოდგენილი მისი ანალიტიკური საფუძველი, არ არის ცნობილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა რომელმაც იმუშავა კონცეფციის დაწერაზე, არ არის წარმოდგენილი ექსპერტული/აკადემიური შეფასებები შესაძლო შედეგებისა და რისკების შესახებ, კონცეფციას არ ახლავს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა და ფინანსური გათვლები.

ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, კონცეფციის საფუძველზე უმაღლესი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებების შინაარსი და ის ფაქტი, რომ განმარტებით ბარათში ასევე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ანალიზი, დასაბუთება და ექსპერტული შეფასება.

არსებული ფორმით კონცეფციის დანერგვა ქმნის მნიშვნელოვან რისკებს:

უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ბოლონიის პროცესის პრინციპებსა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას;

უნივერსიტეტების ინსტიტუციური მდგრადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობების დაზიანება; „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ მიდგომით ხარისხის გაუარესება, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის დასუსტება და ფრაგმენტაცია;

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შემცირება (კვოტების შემცირება ან ხარისხის გაუარესება, თუ უმაღლესი განათლების დაფინანსება არსებითად არ გაიზრდება);

სასკოლო განათლების პრაქტიკულად 2 წლით შემცირების ფონზე, 3+1+1 მოდელზე ხისტად გადასვლით კრიტიკული პრობლემების შექმნა მოსწავლეებისა და სტუდენტების ცოდნის და კომპეტენციების განვითარების, ასევე სწავლის შედეგებზე გასვლის თვალსაზრისით;

პროგრამების ხარისხის დაზიანება და კვალიფიკაციების საერთაშორისო აღიარებისთვის საფრთხის შექმნა.

ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ და ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობების შექმნა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესების დაზიანება აკადემიური პერსონალის მართვის პოლიტიკის გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური გავლენების გაზრდა, და შესაბამისად, აკადემიური და სამეცნიერ განვითარების პოტენციალის დასუსტება.

ამასთან, მიმდინარე პროცესის და ცვლილებების ბუნდოვანება მნიშვნელოვნად აფერხებს უნივერსიტეტების და აკადემიური პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო საქმიაონობის დაგეგმვას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითხოვთ სამინისტროსგან კონკრეტულ და საჯარო პასუხებს ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენას.

კონცეფციის შემუშავების პროცესი, ანალიტიკური საფუძველი და დანერგვის გეგმა წარმოგვიდგინეთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა რეფორმის კონცეფცია.

წარმოგვიდგინეთ მკვლევარებისა და ექსპერტების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულები იყვნენ რეფორმის კონცეფციის განხილვასა და შეფასებაში, ასევე მათი მოსაზრებები და შეფასებები კონცეფციაში მითითებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

გვაცნობეთ რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში რომელ დაინტერესებულ მხარეებთან (უნივერსიტეტების პროფესორები, ადმინისტრაცია, სტუდენტები, აბიტურიენტები, მშობლები, მასწავლებლები) ჩატარდა შეხვედრები და კონსულტაციები და როდის?

წარმოგვიდგინეთ შეხვედრებისა და კონსულტაციების ოქმები. მოგვაწოდეთ არსებული კვლევები, შეფასებები, პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტები, რომლებსაც დაეყრდნო რეფორმის კონცეფცია. წარმოგვიდგინეთ რეფორმის კონცეფციის შემუშავებისთვის და განხორციელებისთვის ჩატარებული კონკრეტული ახალი კვლევები, ანალიზი და შეფასება.

რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში იყო თუ არა გათვალისწინებული/გაანალიზებული საერთაშორისო გამოცდილება? ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ ანალიზის დოკუმენტი. წარმოგვიდგინეთ დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა კონცეფციის განსახორციელებლად ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და ფინანსური გათვლებით. წარმოგვიდგინეთ კონცეფციის განხორციელების მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების ანალიზი.

კონცეფციაში წარმოდგენილი ინიციატივების დეტალები

ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი

წარმოგვიდგინეთ ანალიზი და კვლევები რომელსაც ეფუძნება „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის ჩამოყალიბება, მათ შორის, აღნიშნული მოდელის ოპტიმალურობისა და რისკების ანალიზი. განგვიმარტეთ თუ რას გულისხმობს „ფაკულტეტი” კონცეფციის ფარგლებში. წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები რომელთა მიხედვითაც შეირჩევა, თუ რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს.

წარმოგვიდგინეთ თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში თითოეულ ფაკულტეტზე განხორციელებული პროგრამების, ასევე მათი ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული და აკადემიური შესაძლებლობების, არსებული სტუდენტთა მომავალი სტუდენთა კონტინგენტის ანალიზი, იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდება თითოეულ უნივერსიტეტში ფაკულტეტების გადანაწილება/გაერთიანება.

წარმოგვიდგინეთ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა ამ ცვლილების განსახოციელებლად. წარმოგვიდგინეთ მიდგომა იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულებენ სწავლას უკვე ჩარიცხული სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტებში იმ შემთხვევაში, თუკი მათი ფაკულტეტები გაუქმდება. როგორც საჯარო განცხადებებში იქნა ნათქვამი, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმ უნივერსიტეტებში დაასრულონ სწავლა სადაც ჩაირიცხნენ.

ასეთ შემთხვევაში, როგორ მოხდება იმ პროგრამებისთვის აკადემიური და ინფრასტრუქტურული რესურსის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, რომლებით თითქმის მილევად რეჟიმში გადავლენ. აღნიშნული პრინციპის განხორციელების შემთხვევაში, როგორია მიდგომა სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტთან დაკავშირებით?

სამწლიანი ბაკალავრიატი

წარმოგვიდგინეთ ანალიზი თუ რას ეფუძნება სამ წლიან ბაკალავრიატზე გადასვლა სასკოლო წლების შემცირების ფონზე, რომელიც განიხილავს აღნიშნული ცვლილებების შედეგებს მოსწავლეებისა და სტუდენტების აკადემიური პროგრესიისა და მიღწევები გაუმჯობესების თვალსაზრისით, და უმთავრესად აღნიშნული მოდელის შემთხვევაში რა შეფასება და გარანტიები არსებობს რომ სტუდენტებისა და მოსწავლეების აკადემიური მიღწევები არ გაუარესდება.

წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თუ რომელი პროგრამები გახდება სამწლიანი და რომელი პროგრამები დარჩება 4 წლიანი. წარმოგვიდგინეთ საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ამ კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული ანალიზის შედეგები. წარმოგვიდგინეთ გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება თითოეულ პროგრამაზე ოთხ წელზე გათვლილი სასწავლო კურსების სამ წელზე დაყვანა.

აკადემიური პერსონალი

წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები თუ როგორ მოხდება სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შერჩევა მიმართულებების მიხედვით. წარმოგვიდგინეთ გეგმა თუ როგორ განაწილდება სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” ამ პრინციპის დანერგვის შემთხვევაში.

წარმოგვიდგინეთ გეგმა უნივერსიტეტებისა და მიმართულებების მიხედვით სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების რაოდენობის შესახებ. ასევე, განგვიმარტეთ, აღნიშნულ კონტექსტში რას გულისხმობს „მიმართულება.”

წარმოგვიდგინეთ თითოეული აკადემიური პოზიციის გათვალისწინებით სახელფასო სქემა.

წარმოგვიდგინეთ აკადემიური პერსონალის დაწინაურების სქემა, კრიტერიუმები და შესაძლებლობები.

სტუდენტთა კვოტების განსაზღვრა

წარმოგვიდგინეთ მეთოდოლოგია და კრიტერიუმები თუ როგორ მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში თითოეულ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობის განსაზღვრა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.

წარმოგვიდგინეთ უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და ინფრასტრუქტურული ანალიზი და გეგმა რომელსაც ეფუძნება თითოეულ პროგრამაზე მისაღები სტუდენტების კონტინგენტის რაოდენობის განსაზღვრა.

წარმოგვიდიგნეთ შემდეგი 3 წლის განმავლობაში პროგრამების მიხედვით დაგეგმილი მისაღები კონტინგენტის შესახებ გათვლები. შრომის ბაზრის ანალიზი წარმოგვიდგინეთ შრომის ბაზრის ანალიზისთვის გაწერილი მეთოდოლოგია, რომელსაც დაეფუძნება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის და თითოეულ მათგანზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრა.

წარმოგვიდგინეთ ჯგუფი რომელიც მუშაობს შრომის ბაზრის ჩატარებაზე. როდის გახდება შრომის ბაზრის კვლევის შედეგები ცნობილი საზოგადოებისათვის.

წარმოგვიდგინეთ მიდგომა რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გამოიყენებს ბაზრის კვლევის შედეგებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალისა და მათზე მისაღები სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. დაფინანსება წარმოგვიდგინეთ ანალიზი რომელსაც ეფუძნება უმარლესი განათლების დაფინანსების მოდელი რეფორმის ფარგლებში, ასევე თავად დაფინანსები ახალი მოდელი და დაფინანსების წესი.

წარმოგვიდგინეთ რეფორმის განხორციელებაზე გაწერილი ბიუჯეტი.

რა თანხაა გამოყოფილი უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდეგი 3 წლის განმავლობაში. დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით რამდენია ერთი სტუდენტის მომზადების თვითღირებულება საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებების და საფეხურების მიხედვით? რა თანხაა გათვალისწინებული უმაღლესი განათლების ბიუჯეტში ერთი სტუდენტის მომზადებაზე საგანმანათლებლო პროგრამების და საფეხურების მიხედვით?

ხარისხის უზრუნველყოფა

მიმდინარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიხედვით უნივერსიტეტები თავიანთი სტრატეგიისა და პრიორიტეტების ფარგლებში თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი საგანმანათლბლო პროგრამების, აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებების და სტუდენტების კვოტების განსაზღვრის თაობაზე.

უმაღლესი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებები უნივერსიტეტებს ართმევს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით (და არა მხოლოდ) ავტონომიას და წინააღმდეგობაში მოდის ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებთან და პრინციპებთან.

როგორია მიდგომა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით? აღნიშნული საკითხების ცენტრალიზებულად მთავრობის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში რა მექანიზმების და კრიტერიუმების მიხედვით უზრუნველყოფს სახელმწიფო უმაღლესი განათლების ხარისხს?

საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა

წარმოგვიდგინეთ რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გეგმა თბილისის და რეგიონების უნივერსიტეტების განვითარების შესახებ შესაბამისი ვადებითა და ფინანსური გათვლებით.

საერთაშორის სტუდენტების მიღების შეზღუდვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში

წარმოგვიდგინეთ გეგმა, ფინანსური და ეკონომიკური გათვლები, და საერთაშორისო სტუდენტების ნაკადების სტრატეგია სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით.“