პროფკავშირები მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს

პუბლიკა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი ყოფილი ბიზნესომბუდსმენის მიერ ინიცირებულ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს.

„2020 წლის ბოლოს პარლამენტის წევრმა და ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა ბატონმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შრომის კოდექსში და იხილება დაჩქარებული წესით“, – წერია განცხადებაში.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივის თანახმად, შრომის კოდექსიდან ამოღებული უნდა იყოს, წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები, ასევე უნდა გაუქმდეს ის ჩანაწერები, რომლებიც ავალდებულებს დამსაქმებელს შშმ დასაქმებულის მიმართ გონივრული მისადაგების პრინციპის გამოყენებასა და ისეთი პირის დასაქმებას, რომლის ხელფასიც ნაწილობრივ სუბსიდირებული იქნება სახელმწიფოს მიერ.

„უკიდურესად  აღმაშფოთებელია  კანონპროექტის ინიცირების და განხილვის პროცესი, რომელიც  მიმდინარეობს  სრულიად გაუმჭვირვალედ, სოციალური დიალოგის ერთ-ერთ მთავარ აქტორთან, პროფესიულ კავშირებთან  კონსულტაციების გარეშე.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინიციატივა იხილება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და შრომით სამართლებრივი ურთიერთობები ისედაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, დასაქმებულთა უფლებები კი ტოტალურად ირღვევა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, განმარტებითი ბარათი არის დაუსაბუთებელი და არ იძლევა არანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, რა საჭიროება ან ახსნა აქვს მსგავსი კანონის მიღებას.

„უფრო მეტიც, კანონპროექტის ინიციატორი, მიზანმიმართულად ცდილობს, შრომის ფუნდამენტური სტანდარტის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების ტექნიკურ საკითხად  გაყვანას და მისი მხარდაჭერის ამგვარად მოპოვებას.

ნიშანდობლივია, რომ ამჟამინდელი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილია ყოფილი ბიზნესომბუდსმენის მიერ, (რომელმაც მაშინ, წინა სტატუსით ვერ მოახერხა ინიციატივის გატანა). ყოველივე ზემოთქმული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ინიციატივა მომდინარეობს ფარული ბიზნეს ლობიდან და ამჯერად, მისი გატანა პარლამენტარის სტატუსის საფარ ქვეშ იგეგმება.“,- აღნიშნულია პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს პარლამენტს:

  • მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს;
  • მომავალში, შრომით უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივის განხილვა უზრუნველყოს სოციალური დიალოგის ფორმატში , ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანიზაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების  გაერთიანების ჩართულობით.

4 იანვარს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილეს ორგანული კანონის პროექტი შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.

კანონის პროექტის მიხედვით ხდება ჩანაწერის ამოღება, რომელიც ითვალისწინებს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას.

მომხსენებელმა მიხეილ დაუშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ შრომითი დისკრიმინაციის ცნებას კოდექსში რამდენიმე განსხვავებული მუხლი არეგულირებს, რაც დაუშვილის შეფასებით, ტექნიკური ხარვეზია.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი გადავჭრათ, რომ პრაქტიკაში დამსაქმებელს და დასაქმებულს არ შეექმნას განსხვავებული ინტერპრეტაციის რისკი და არ გაჩნდეს კანონის განსხვავებულად განმარტების რისკები“, – თქვა მან.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები გაუჩნდათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ნორმის ამოღება, კანონპროექტის I საკითხი (მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი) მოიხსნა დღის წესრიგიდან და იმ დათქმით, რომ დისკრიმინაციის პრევენციის რეგულაციები ორ სხვადასხვა პუნქტში დარჩება ისე, როგორც მოქმედ შრომის კოდექსში არის, კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიდა და პირველი მოსმენით მიიღეს.