პროფკავშირების თქმით, ტყიბულში შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ

პუბლიკა

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს განცხადებას, რომ დღეს დილით, 06:00 საათიდან, ტყიბულში, წარუმატებელი მედიაციის შემდეგ, შპს „საქნახშირის“ მოძრაობის უბნის თანამშრომლები გაიფიცნენ.

„გაფიცვა მოძრაობის უბნის და ზედაპირული კომპლექსის 400-მდე თანამშრომელს მოიცავს და ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ – როგორც თავად ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის“, – წერია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთი მეშახტე, ბესიკ სეფერთელაძე ეუბნება, ისინი 4 თევა, ხელფასის მატებას უშედეგოდ მოითხოვენ, რადგან 500 ლარით ოჯახის შენახვა უჭირთ.

„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ მათი პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.