პროფკავშირი: ოპერაში შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა

პუბლიკა

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომის ინსპექციამ შრომითი უფლებების დარღვევა გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

მათი თქმით, პროფკავშირის საჩივრის საფუძველზე, შრომითი უფლებების ზედამხედველობისა და შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტებმა შრომის უსაფრთხოების 12 და შრომითი უფლებების 7 დარღვევა გამოავლინეს. დადგენილი დარღვევების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მითითებები გამოიწერა.

„ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, კერძოდ, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი მაისურაძეს ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა 30-დღიანი ვადა.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი მადლობას უხდის შრომის ინსპექციის სამსახურს რეაგირებისთვის და მოელის რეინსპექტირების ობიექტურ შედეგებს.

თუ არსებული დარღვევები აღმოიფხვრა და ოპერის თანამშრომელთა შრომითი პირობები გაუმჯობესდება, ეს ცალსახად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც ოპერაში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა და გაიფიცა, და არა იმათი, ვინც ამ უსამართლობაზე გაფიცვის მიუხედავად დუმილი გააგრძელა”, – ნათქვამია განცხადებაში.


2023 წლის 29 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციამ გაფიცული 17 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მეორე დღეს, 30 დეკემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თეატრის ფუნქციონირება „ვერ იქნება დამოკიდებული თანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე. აქედან გამომდინარე, იზრუნა რა შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებელ გაგრძელებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე, თეატრმა უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა პირების მობილიზება”.

21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა. გაფიცული პერსონალი ხელფასის 100%-ით ზრდასა და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ.