პროფკავშირი: პერსონალურ მონაცემთა სამსახურის განცხადება ფაქტებით მანიპულირების მცდელობაა

პუბლიკა

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და ამბობს, რომ ის წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას.

პროფკავშირის განცხადებით, უწყება ირწმუნება, რომ მათგან არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, თუმცა არ საუბრობს იმ დასაქმებულების გათავისუფლებაზე, რომლებიც ამ სტატუსს მიღმა არიან.

„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, სადაც მიუთითებენ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია“, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ მათგან არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, თუმცა არ საუბრობენ იმ დასაქმებულების გათავისუფლებაზე, რომლებიც ამ სტატუსს მიღმა არიან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებულ პირთა მომართვიანობის საფუძველზე წარმოებულ სტატისტიკას და იმ საჯარო უწყებების ჩამონათვალს, საიდანაც ისინი გათავისუფლდნენ. ამ პირებში მოიაზრებიან როგორც საჯარო მოხელის სტატუსის მქონე, ისე სტატუსს მიღმა პირები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყებებში.

შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მათ მიერ არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და თითქოსდა ჩვენს პროფესიულ კავშირს აქვს მცდელობა, მიზანმიმართულად შელახოს რომელიმე უწყების რეპუტაცია, არის ფაქტებით მანიპულირება და სიცრუე, რადგან მათი მხრიდან მოხდა პირთა გათავისუფლება, რაზეც მეტყველებს როგორც ჩვენთან მომართვიანობა, ისე არაერთი ორგანიზაციისა და საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია“, – წერია განცხადებაში.

დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აცხადებს, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.

საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ და „სამართლიანი არჩევნები“ გეგმავენ ამ ეტპაზე 50-ზე მეტი საჯარო მოხელის დასაცავად სასამართლოს მიმართონ.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც 28 ნოემბრის შემდეგ საჯაროდ გამოხატეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ცალსახად შეიცავს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნებს“, – წერია განცხადებაში.

პროფკავშირი განმარტავს, რომ ისინი უზრუნველყოფენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლებში დასაქმებულ მოსამსახურეთა სამართლებრივ დახმარებას.