პროფკავშირის თქმით, AVTANDIL-იდან კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაათავისუფლეს — რას ამბობს კომპანია

პუბლიკა

შპს „ავთანდილ ცქვიტინიძიდან“ კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაათავისუფლეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ავრცელებს.

პროფკავშირის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეს“ კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა დაეკისრა.

პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ა.კ „ავთანდილში” კონსულტანტის პოზიციაზე იყო დასაქმებული და, მისი თქმით, სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა.

მათივე განცხადებით, სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა განმარტა, რომ მისი ჩაცმულობით იყვნენ უკმაყოფილო და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს ა.კ-ს სამუშაოზე დაბრუნება.

„მოვლენები ასე განვითარდა… დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტლურ მკურნალობას მოითხოვდა.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ „მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი“ და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ „აღნიშნული ქცევა მიუღებელი“ იყო, მით უმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, ა.კ გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. მან დახმარების თხოვნით პროფკავშირებს მიმართა. ა.კ ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო“, – ნათქვამია პროფკავშირების გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროფკავშირების განცხადებით, ა.კ-ს თქმით, დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.

„პროფკავშირების გაერთიანების იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, დასაქმებულმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ ა.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

„პუბლიკა“ შპს „ავთანდილის“ აღმასრულებელ დირექტორს, ზურაბ მგალობლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „აბსურდული“ უწოდა.

მისი თქმით, კონსულტანტის გათავისუფლების მიზეზი მისი „უდისციპლინობა“ იყო.

„აბსურდული… სექტემბრის ბოლოს ის გააფრთხილეს, რომ ორი თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა სამსახური და პირველი დეკემბრიდან თავისუფლდებოდა. ამის შემდეგ ორი თვე არ იარა სამსახურში […]. გათავისუფლების მიზეზი იყო მისი უდისციპლინობა, ბევრი გაცდენა, იყო კონფლიქტური თანამშრომლებთან მიმართებაში და თვითონ მაღაზიის თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს სათავოს პრეროგატივა არ არის.

ასევე, რაღაცნაირად ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და დილის ცვლა როცა იყო, მოდიოდა და ეძინა სამსახურში, რის გამოც სხვებს უწევდათ მის მაგივრად შრომა ყოველთვის. მაღაზიის მენეჯერმა მიიღო გადაწყვეტილება და შეგვითანხმა ჩვენ“, – ამბობს მგალობლიშვილი.

შეკითხვაზე, სასამართლოზე ნამდვილად ითქვა თუ არა, რომ მისი ჩაცმულობით იყვნენ უკმაყოფილო და ამის გამო აღარ ისურვეს კონსულტანტის სამსახურში დაბრუნება, მგალობლიშვილი პასუხობს:

„კი, ითქვა ეგ ფრაზა [ჩაცმულობასთან დაკავშირებით], რომ მისი სიშიშვლე არ შეესაბამებოდა ჩვენს კომპანიას, მაგრამ ჩაცმულობა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. ჩვენი კონსულტანტები აბსოლუტურად თავისუფალი არიან ჩაცმულობაში. თუ ყოფილხართ ჩვენს მაღაზიაში, მიხვდებით. ჩვენ ფორმები და რაღაცები არ გვაქვს, კონსულტანტებს თავისუფალი ჩაცმის სტილი აქვთ, მაგრამ სასამართლოზე ითქვა, რომ ეს თავისუფლება არ ნიშნავს სიშიშვლეს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ყოფილ დასაქმებულს მათთვის დავა არ მოუგია, რადგან ის სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„განცხადებაში რაც წერია, 95% არის აბსოლუტური სიცრუე. დავა არ მოუგია, მათი მოთხოვნა იყო სამსახურში აღდგენა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. კომპენსაცია დაგვეკისრა და მაგ კომპენსაციას ჩვენითაც ვთავაზობდით მას […].

ზოგადად, ასე თუ გააგრძელებენ, გავასაჩივრებთ კიდეც და რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელსაც შევიტანთ თვითონ პროფკავშირების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბ მგალობლიშვილმა.