განათლების სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ და ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა 29 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.
„აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში იღებდა გაწვევას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სწავლის შეწყეტა უხდებოდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იმავე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში“, – აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.
კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, გადავადება ხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შესამცირებლად პროფესიულ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების უმოკლეს გზას, წარმოდგენილი ინიციატივა კი პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ, რასაც პოსტპანდემიურ პროცესებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება.