პროკურატურა: 9 პირი უკანონოდ დაეუფლა 19 დაზარალებულის, ჯამში 3 248 375 ლარის ქონებას 

პუბლიკა

პროკურატურამ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ბრალი წარუდგინა 9 პირს.

პროკურატურის გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას, ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები.

ამ მინდობილობის საფუძველზე ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ამ ქმედებით 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს.

2 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

ხოლო, 4 პირის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 6 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.