პროკურატურა აცხადებს, რომ 8 თებერვალს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ინტერესების ხელყოფასა და საბოტაჟზე.
კერძოდ, უწყება წერს, რომ 8 თებერვალს გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განცხადებით:
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისთვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ხელმძღვანელი ვატო შაქარიშვილია.
უწყება აცხადებს, რომ პროკურატურასთან ერთად საქმეს იძიებს სუს-ი და შსს, „რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება”.