პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულის მიმართ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას მოითხოვს

პუბლიკა

პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებული ანზორ ლომიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

უწყების ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევამ დაადგინა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის.

გამოძიების ვერსიით, 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.