პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელ საქმეზე იკითხება ნიკა გვარამია

პუბლიკა

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფება. სასამართლოში შესვლამდე პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, საქმე ეხება თუ არა გვარამიას ფეისბუქპოსტს „უზურპატორის დამხობაზე“ და არც იმას აკონკრეტებენ, თუ რას ეხება გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიბარეს გვარამია გამოკითხვაზე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ნიკა გვარამიას ადვოკატს, თამთა მურადაშვილს. მურადაშვილი ფიქრობს, რომ გვარამიას დაბარება უკავშირდება მის ფეისბუქპოსტს, თუმცა გადაჭრით ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს, რადგან, მისი თქმით, მცდელობის მიუხედავად, პროკურორისგან საქმის შინაარსზე კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 5 დეკემებრს დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტიდან მიღებული უწყება გვარამიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ის გამოკითხვას უკავშირებს თავის ფეისბუქპოსტს, რომელიც 3 დეკემბერს გამოაქვეყნა: „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ!“.