პროკურატურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული Instagram-ის მეშვეობით აწარმოებდა მიმოწერას 13 წლის არასრულწლოვანთან, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას და არასრულწლოვანს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
უწყების ცნობით, ასევე ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვანს სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა.
„პროკურატურამ დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება და მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული, ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებშიც ნაპოვნია დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც ბრალდებულის დაკავება მოხდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებს უწყება.