პროკურატურის განცხადებით, გამოვლენილია იურიდიული პირის 100% წილზე ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული „ზეკარის წყაროების“ წარმომადგენლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი წილის დათმობა მოითხოვა.
უწყების ცნობით, ნდობის მოსაპოვებლად ბრალდებულმა, თავის მხრივ, სხვა დაზარალებულისაგან მოტყუებით დაუფლებული დიდი ოდენობით თანხიდან ნაწილობრივ დაფარა კომპანიის საბანკო დავალიანება და პარტნიორებს 100%-იანი წილის გადაფორმება მოსთხოვა.
„აღნიშნული ხერხით ბრალდებულმა კომპანიის 100%-იანი წილი ოჯახის წევრზე გადააფორმა, თავად კი არც საწარმოს საკრედიტო ვალდებულებები დაფარა და ორგანიზაციის 100%-იან წილსაც მოტყუებით დაეუფლა. შედეგად, იურიდიული პირის მესაკუთრეებს 1 500 000 ლარზე მეტის, ხოლო კიდევ ერთ დაზარალებულ პირს 163 000 ლარამდე ქონებრივი ზიანი მიადგათ“, – აცხადებს პროკურატურა.
ასევე, უწყების ცნობით, „თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაზარალებულს გაუფორმეს ე.წ. მოჩვენებითი ხელშეკრულება ,,სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ.“ შეთანხმებისამებრ, დაზარალებულმა, კონკრეტული სამუშაოებისათვის განკუთვნილი 123 134 ლარი ბრალდებულებს გადასცა. ბრალდებულებმა, არ შეასრულეს ფორმალურად ნაკისრი ვალდებულება და მითითებული დიდი ოდენობის თანხა მიისაკუთრეს.“
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აცხადებს პროკურატურა.