პროკურატურა ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ასევე პროკურატურამ ე.წ ,,ყინწვისის“ საქმეზე კიდევ 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, ზვიად კვარაცხელია ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ზვიად კვარაცხელიას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება – ჰეროინის შეძენა-შენახვისათვის ედებოდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის დაიკითხნენ ზვიად კვარაცხელიას დაკავების შემსწრე მოწმეებიც, გამოვლინდა ახალი ფაქტები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები.

მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ ზვიად კვარაცხელიას მხრიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა და მის დაკავებას შესაძლოა ჰქონოდა სამართალდამცველთა მხრიდან მიზანმიმართული დაინტერესება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, მიმართეს შუამდგომლობით გამამტყუნებელუ განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

პროკურატურამ ე.წ. „ყინწვისის სპეცოპერაციის“ საქმეზე თორმეტი ყოფილი მსჯავრდებულის, მამუკა ბესელიას, თეიმურაზ ცამბაიას, გიორგი აღაჯანაშვილის, გიორგი ბეროშვილის, ზურაბი და დავით ჩიტრეკაშვილების, ბადრი ჩიგოგიძის, ვარლამ ჩარკვიანის, ირაკლი ჩარბაძის, მიხეილ მაისურაძის, ბორის გურულის და ზურაბ გელაშვილის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.