პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს - „დაზიანებები შაქარაშვილს გადაადგილებას შეუზღუდავდა“

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა  მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.

„ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების განცხადებით, ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

„აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას – ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“, – აცხადებს პროკურატურა.