POG:  თანხის უკანონოდ ლეგალიზაციისთვის 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საფრანგეთში მოქმედ საბანკო დაწესებულებებს მათი კლიენტების სახელით ცრუ შეტყობინებები გაუგზავნა და ოფშორული კომპანიის სახელზე, საქართველოში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 444 827 ევრო მოტყუებით ჩაარიცხვინა.

შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მსჯავრდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებებისა და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, მასთან დაკავშირებული პირების უცხოურ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, 7 წლით და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება იურიდიულ პირს, მას სამეწარმეო საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვა და 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

პროკურატურის ინფორმაციით, განაჩენით, მსჯავრდებულს საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული დაახლოებით 500 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.