გენერალური პროკურატურა მოკლული 28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
უწყება წერს, რომ 2025 წლის 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს და ოჯახის წევრებს შესთავაზეს თბილისის პროკურორთან შეხვედრა.
პროკურატურის განცხადებით, „უწყების შინაგანაგწესის თანახმად, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება სთხოვეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონებით შესულიყვნენ“.
„როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა“. – წერს პროკურატურა.
უწყების განცხადებით, მოგვიანებით გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
„ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა“. – წერია უწყების განცხადებაში.
გუშინ, 22 დეკემბერს გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ და მისი ოჯახის წევრებმა პროკურატურასთან აქცია გამართეს და რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს.
ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიება, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიდის, გადაკვალიფიცირდეს და გაგრძელდეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. ოთხიდან სამს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი). ხოლო ერთს ბრალი სისხლის სამართლს კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს წარდგენილი.
ეკა კუპატაძის თქმით, ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.
დედამ და ადვოკატებმა 22 დეკემბრის აქციაზე განაცხადეს, რომ პროკურატურას 8 იანვრამდე აძლევენ დროს, რომ ოჯახს სრულად მიეცეს საქმის მასალებზე წვდომა და „გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“. სხვა შემთხვევაში, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
გარდა ამისა, პროკურატურა აცხადებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეს ადვოკატი დარეჯან სულაშვილი „გაეცნო, საერთო ჯამში 7-ჯერ”.
თუმცა, 7 ნოემბერს საქმის მასალების გადაცემაზე პროკურატურამ ადვოკატს უარი უთხრა „საქმის მასალების გახმაურების საშიშროების, შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით“.
„2025 წლის 23, 25 და 28 ოქტომბერს, ასევე 11, 16, 17 და 19 ნოემბერს, რაც მას ყველა ჯერზე დადასტურებული აქვს საკუთარი ხელმოწერით.
„[საქმის მასალების უარის თქმის შესახებ] დადგენილება ჯერ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა, შემდეგ კი ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველ მოსამართლეს მიმართა. მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„სასამართლოსთან უკუკავშირის შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების გადაცემის შესახებ“. – წერს პროკურატურა.
უწყება ასევე აცხადებს, რომ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს ყველა დაზარალებულ პირს, „ასევე მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას მოახდინოს სხვა პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა“.
პროკურატურისვე თქმით, „როგორც დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვან პირთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე პროკურატურა ამ დრომდე თავს იკავებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან“.