პროკურატურა კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიასთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

პუბლიკა

მოძრაობა „ხმის“ წევრების, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ინფორმაციას „ხმა“ ბრალდებულების ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, პროცესი დღეს გაიმართება და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

„პროკურატურა ე.წ. აღკვეთის ღონისძიებად ითხოვს პატიმრობას!
სასჯელის სახით მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ისინი ძალადობრივი გამოსახლების დროს დააკავეს აღსრულების პოლიციის ფანჯრების ჩამსხვრევისთვის.
ყველას! ყველას გელოდებით თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ (აღმაშენებლის ხეივანი 64)
ძალადობრივი გამოსახლება უნდა შეწყდეს!
გიორგი და კაკო უნდა გაათავისუფლონ!
ვიკრიბებით 25 იანვარს, დღის 3 საათზე!”

მოძრაობა „ხმის“ წევრებს – გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა.

ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი დააზიანეს.