პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პუბლიკა

„ბრალდების მხარე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – პროკურატურა  მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა, მათი თქმით,  სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

„აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მათი სასჯელი გაუქმდა.

მამუკა ხაზარაძის ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე გადაკვალიფიცირდა. მას 7 წელი მიესაჯა, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდა. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამო დადებული ყადაღა.

ბადრი ჯაფარიძის ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, თუმცა ხანდაზმულობის გამო ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც და მოეხსნა ყადაღა მის ქონებას.

ავთანდილ წერეთელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ხანდაზმულობის გამო მისი სასჯელიც გაუქმდა.