პროკურატურა: კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევხვდეთ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს

პუბლიკა

პროკურატურა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უწყება მზად არის, „ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები“.

ასევე, უწყების ცნობით, მზად არიან „ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა”.

„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი.

მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 წლის მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას 8 იანვარს, 16:00 საათზე გენერალურ პროკურატურასთან აქცია აქვს დაანონსებული. ის საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

პროკურატურის განცხადების საპასუხოდ „ტვ პირველთან“ საუბარში ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ თქვა, რომ ის მზადაა შეხვდეს მხოლოდ გენერალურ პროკურორს.

„ეს უსირცხვილო ხალხი როგორ მალაპარაკებს, ჩემს შვილს მიკლავენ ყოველ წამიერად თვალწინ.  ამას რომ ვამბობ, ხალხო, კი ვცდილობ, ვიყო გაწონასწორებული, მაგრამ ძნელია. მე ჩემი შვილის სიკვდილს ვყვები და ამბებად მაყოლებენ. მელაპარაკოს ის პროკურორი ვისაც სჯერა, რომ მუჭის ერთი დარტყმით მოკლავენ ახალგაზრდას.

მე არ ვენდობი მაგათ, მე შევხვდები მხოლოდ და მხოლოდ გენერალურ პროკურორს, არ ვენდობი არავის. მე შევხვდი ლუკა გამყრელიძეს, ოთხი საათი ველაპარაკე და რამდენი კითხვა დავუსვი იმდენი ფურცელზე მოინიშნა და არცერთზე პასუხი დღემდე არ მიმიღია.

წინასააქციოდ რომ გაახსენდათ შეხვედრა, 22 დეკემბრიდან 8 იანვრამდე არ ჰქონდათ დრო? რა გააკეთეს და რას აპირებენ მე ამის მოსმენა მინდა. ოთხი პირია დაკავებული ერთ საქმეზე, ეს როგორ არ არის ჯგუფური [დანაშაული]”, – ამბობს ეკა კუპატაძე.


ავალიანის ოჯახის წევრებმა, ადვოკატებმა და მოქალაქეებმა პროკურატურასთან აქცია 22 დეკემბერსაც გამართეს. დედამ და ადვოკატებმა აქციაზე განაცხადეს, რომ პროკურატურას 8 იანვრამდე აძლევენ დროს, რომ ოჯახს სრულად მიეცეს საქმის მასალებზე წვდომა და „გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“.

ავალიანის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიება, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიდის, გადაკვალიფიცირდეს და გაგრძელდეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.

როგორც ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.

22 დეკემბერს გამართულ აქციაზე პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავაც გამოვიდნენ. მათ ოჯახის წევრებს პროკურატურის შენობაში შესვლა შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს, 23-დღიანი კომის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.