საქართველოს პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას ეხმაურება.
უწყების შეფასებით, სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია და ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და „ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა“.
„გვსურს განმარტება გავაკეთოთ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ბრალდებულთა მიმართ მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია სასამართლოს დახმარება სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი და არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია.
ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც საქმის მასალების 16 ტომს და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას მოიცავს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებით ნაწილს წარმოადგენს.
ელექტრონული ინფორმაციის გაანალიზების თაობაზე საუბარი მოსაზრების არცერთ ნაწილში არ გვხვდება, რისი მიზეზიც არის ის რომ, სახალხო დამცველი არცკი გაცნობია მტკიცებულებების ამ ნაწილს. ასევე თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველი მოსაზრების შედგენისას ასევე, გაუგებარი მიზეზით იგნორირებას უკეთებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდების მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, შემაჯამებელ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს მოსაზრებაში ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ გვარწმუნებს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში.” – უწყების განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.