პროკურატურა მარტის აქციების 21 წლის მონაწილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პუბლიკა

პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების 21 წლის მონაწილეს ბრალი წარუდგინა. უწყება აქტივისტისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. აღნიშნულის შედეგად, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღეს, რომლებიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, 9 მარტს, ღამის საათებში გ.ჭანტურიას ქუჩაზე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცავებმა აქტივისტი 29 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.


„პუბლიკა“ დაკავებულის მეგობარს ესაუბრა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს დაკავებამდე ლ.გ. იმყოფებოდა მასთან და მისი სახლიდან გასვლის შემდეგ, ნახევარ საათში, სხვა მეგობრის სახლში დააკავეს, მის სახლში კი პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მეგობრის თქმით, პოლიცია ლ.გ. მაისურს და ნიღაბს ეძებდა, თუმცა ვერაფერი ამოიღეს.

„პუბლიკა“ ლ.გ.-ს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ბაბუის თქმით, გუშინ, ღამის 12 საათზე მივიდა პოლიცია მათთან სახლში. ორდერის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა. „წაიღეს ტანსაცმელი,  ჰუდი და გაფუჭებული ტელეფონი. ჯერ ადვოკატი არ ჰყავს, მისი ოჯახის წევრი მხოლოდ მე ვარ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ დაკავებულის ბაბუამ.