პროკურატურა თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიება გრძელდება.
უწყება ამბობს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.
გუშინ, 18 ნოემბერს გიგა ავალიანის ოჯახის წევრები და ნათესავები გლდანი-ნაძალადევის პროკურატურასთან იყვნენ შეკრებილები. ოჯახის პოზიციაა, რომ ეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულია. დედა ამბობს, რომ მკვლელობა რამდენიმე დღის განმავლობაში იგეგმებოდა. მისივე თქმით, „ფორმა 100“-ში ექიმს არ აქვს აღწერილი ყველა დაზიანება, რაც ავალიანს ჰქონდა.
„მუშტი დაარტყეს სახეში და შუბლი გაუტყდა, წარმოგიდგენიათ?! […] ერთი მუშტი, 19-წამიან ვიდეოზე, მკვლელს ეს გადაღებული აქვს, 19 წამის იქით, შემდეგ რა მოხდა – არ ვიცით. გაასაჯაროონ ყველაფერი! ეს არის ჯგუფური, ჯგუფური. ჩემს გიგას ჰქონდა მრავლობითი დაზიანება“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
საქმეზე დაკავებულია ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეს. ორივე მათგანს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 01 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვანები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრში შემდეგ 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია ბრალდებულ გიორგი რიკაძის ტელეფონში არსებული და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ასევე ჩანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების მიმალვა შემთხვევის ადგილიდან და ისმის მათი საუბარიც.
ამის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვეს. დაკითხულია ტაქსის მძღოლიც, რომელიც დეტალურად იხსენებს ბრალდებულების საუბარს მომხდარი დანაშაულის შესახებ“, – აცხადებს პროკურატურა.
გიგა ავალიანი ფაქტიდან 23 დღის შემდეგ, 2025 წლის 24 ოქტომბერს მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
პროკურატურის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
„ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით“, – აცხადებს უწყება.
ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.