დღეს ევროკავშირმა „ევროპის ფონდის დემოკრატიისთვის“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეშვეობით ნიკა მელიას გირაოს საფასური – 40 000 ლარი გადაიხადა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად ახლა საჭიროა, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართოს.
როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუცხადეს, ნიკა მელიასთვის გადახდილი გირაოს ქვითარი მიიღეს და ძალაშია მათი პოზიცია, რომ უწყება სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში მიმართავს. თუმცა, პროკურატურაში ამბობენ, რომ საია-გან გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მიღებისას სამუშაო საათები, ფაქტობრივად, გასული იყო და სასამართლოსთვის მიმართვა დღეს ვერ მოესწრება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის თქმით, მათ გირაოს თანხა დღეს, დაახლოებით 15:00 საათისთვის გადაიხადეს, რის შესახებაც ევროკავშირმაც განაცხადა. ამის შემდეგ პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა ევროკავშირისადმი ნდობის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის, ხოლო გადახდის ქვითარი უწყებას 17:42 გაუგზავნეს, თუმცა პროკურატურამ ქვითრის მიღება დროულად არ დაუდასტურა.