პროკურატურა მომდევნო სხდომებზე მოწმეთა დაკითხვას იწყებს | მხარეთა პოზიციები

პუბლიკა

ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულთა საქმეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა – მომდევნო სხდომებზე ბრალდების მხარე საქმეზე მოწმეთა დაკითხვას დაიწყებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.

8 პირის საქმე აერთიანებს ბრალდებულის – ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის საქმეს.

11 პირის საქმეში კი გაერთიანებულია შემდეგი ბრალდებულების საქმე – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.

ამ ბრალდებულიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ხოლო დანარჩენებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

საქმეებზე მომდევნო პროცესები 7 და 8 მაისს არის ჩანიშნული.

მხარეთა პოზიციები

დაცვის მხარის ადვოკატების ზოგადი, განზოგადებული შეფასებით – არ არსებობს წარდგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და ბრალდების მხარე ვერ გამოკვეთს ორგანიზებული დანაშაულის მტკიცებისთვის საჭირო კომპონენტს.

მათი თქმით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები მოქმედებდნენ ორგანიზებულად, რაც ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ამას გარდა, ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ მეორე მხრივ ვერ დგინდება, დადგა თუ არა რაიმე სახის ზიანი ბრალდებულების ქმედებით.

„ნორმის სამეცნიერო განმარტება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, არსებობდეს ორგანიზატორი პიროვნება ან პიროვნებები, რომლებიც იქნებიან დანაშაულის ინიციატორები, გასცემენ შესაბამის განკარგულებებს და მითითებებს საერთო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ და ამავდროულად აკონტროლებენ დანაშაულის ჩადენის პროცესს”, – განმარტავს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.

მისივე თქმით, ის კრიტერიუმები, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაული უნდა აკმაყოფილებდეს, ბრალდებულების მიმართ არსებობს.

„იმისთვის, რომ ბრალდებამ დაამტკიცოს 225-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებაში პიროვნების მონაწილეობა, ამისთვის მინიმუმ რამდენიმე ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაგვიდასტუროს:

  • მიზანი – ანუ განზრახვა ჩაიდინო ძალადობრივი დანაშაული და ამისთვის გაწევრიანდე ორგანიზებულ ჯგუფში;
  • სახეზე უნდა იყოს ორგანიზატორი/ხელმძღვანელი ან მინიმუმ მონაწილე;
  • ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა;
  • კავშირი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის;
  • უკანონო მოქმედების შედეგად დაზიანებული სამართალდამცავი ანუ მიყენებული ზიანი“, – განმარტავს ადვოკატი.

პროკურატურას კი მიაჩნია და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნავს, რომ „ძალადობრივი ქმედებების ასრულების მიზნით, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის განხორციელების, გაგრძელებისა და გაძლიერების მიზნით აორგანიზებდნენ და ხელმძღვანელობდნენ ყველა შესაძლო ძალადობრივ მოქმედებებს”.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ პირებზე კი აღნიშნავენ, რომ ისინი სხვადასხვა საგნებს ისროდნენ სამართალდამცველების მიმართულებით. ასევე მიმართავდნენ სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცავებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ამ გარემოებებს დაადასტურებენ.