პროკურატურის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
განცხადება პროცესამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა. სასამართლოში სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროკურორი მედეა ცირამუა ადგილზე ჯერ არ მისულა. იგივე შუამდგომლობის დაყენებას დღეს ნინო დათაშვილის ადვოკატებიც აპირებენ.
ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ ესწრება. ადვოკატმა თქვა, რომ მას სხდომაზე დისტანციურად ჩართავდნენ.
„საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია ხერხემლისა და კისრის არეში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.