სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალზე პროკურატურა დამაზუსტებელ განცხადებას ავრცელებს და აღნიშავს, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა აღნიშნულმა ქალმა, არამედ მისმა ძმამ.
უწყების ცნობით, გარდაცვლილის მეუღლემ არჩადენილი დანაშაული – მეუღლის მკვლელობა დაიბრალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს.
აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული – მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.
სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა”, – წერს პროკურატურა.