პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილ უფროსს ალექსანდრე მუხაძეს 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მუხაძე თანამდებობას 2010-2012 წლებში იკავებდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე მუხაძემ და მეგის ქარდავამ 2011 წლის მაისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირს ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაუპატიურებით დაემუქრნენ.
პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ასევე, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
პროკურატურის თანახმად, საბოლოოდ პირმა აღიარებითი ჩვენება დაწერა.
- „ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.
- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
- ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
- ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა“, – წერს პროკურატურა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამავე საქმეზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს.