საქართველოს გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძესთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ოჯახის ადვოკატის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „გუგლის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა. 28 ივლისს (ფეისბუქ ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში კომპანია „ფეისბუქს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. „ფეისბუქმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ. 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. „ფეისბუქმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები.
რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება.
5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს.
შეხვედრაზე ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების თხოვნით.
საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.