პროკურატურა შუქრუთის პროტესტის მონაწილეების სისხლის სამართლის წესით დევნას იწყებს

პუბლიკა

პროკურატურა ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილისა და მალხაზ ლაბაძის სისხლის სამართლის წესით დევნას იწყებს.

აქციის მონაწილეებს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. კერძოდ, პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით წაუყენა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე „პუბლიკასთან” საუბარში ამბობს, რომ პოლიციიდან მას და მის ორ თანასოფლელს გუშინ, 30 ივლისს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ისინი ადვოკატთან ერთად, ბრალის მოსასმენად, პოლიციის განყოფილებაში დღეს გეგმავენ ჩასვლას.

„ველოდებით იურისტს, ჩავალთ ქუთაისში, წაგვიყენებენ ბრალს და როდის ჩანიშნავენ სასამართლოს არ ვიცით.

გუშინ დღის მეორე ნახევარში დაგვირეკეს და გავიგეთ, რომ სამ ადამიანს – გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძეს ბრალს წაგვიყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით”, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

პროტესტის მონაწილეები უკვე 141-ე დღეა სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივებს დაენგრათ და დაებზარათ სახლები, რის გამოც ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ისინი კომპანიისგან ზარალის შეფასებასა და მის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ.

გიორგი ნეფარიძის თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა უკავშირდება 20 ივლისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მივიდნენ და „ცდილობდნენ პროვოკაციული გზით მუშა პროცესის აღდგენას“.

მისივე თქმით, მაღაროები, პროტესტის გამო, მარტიდან გაჩერებულია და ძალის გამოყენებით მისი აღდგენის მცდელობა კომპანიის წარმომადგენლებს ორჯერ – მარტში და ივლისში ჰქონდა.

„საუბარია 20 ივლისის ინციდენტზე – 20 ივლისს მოვიდნენ კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, სუსის თანამშრომლები. უსაფრთხოების ხელმძღვანელი ზურაბ ყანჩაველი ორ მოადგილესთან ერთად ხელმძღვანელობდა ოპერაციას. პროტესტის 129-ე დღეს გაჩერებული მაღაროების ამუშავება ძალის გამოყენებით უნდოდა.

ძალადობდნენ. რამდენიმე ქალზე ძალა გამოიყენეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ძალას იყენებდნენ სუსის და კომპანიის წარმომადგენლები. სხვა არავინ არ ძალადობდა.

შიგნით შეცვივდნენ დახურული მაღაროს ტერიტორიაზე. რამდენიმე ადამიანი ცდილობდა კარების ჩამოგდებას, ამ დროს ჩვენ შესასვლელ კართან ვიდექით. ცდილობდნენ პროვოკაციული გზით მუშა პროცესის აღდგენას. პოლიცია უყურებდა და რეაგირება არ ჰქონდა.

ორჯერ სცადეს მუშა პროცესის აღდგენა, პირველად პროტესტის მე-4 დღეს ამოცვივდნენ, შეცვივდნენ დახურული მაღაროს ტერიტორიაზე და ჩართეს ვენტილაცია, რომელიც არაფერს ემსახურება, გაუსაძლისი ხმა აქვს. როცა აფეთქებები მიმდინარეობს, ამ ვენტილაციას გამოაქვს დაბინძურებული ჰაერი გარეთ და იფანტება სოფლის ტერიტორიაზე. არაერთი ადამიანი სიმსივნით არის დაავადებული.

მარტში, პროტესტის მე-4 დღეს, პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, ლადო პაპიძე გვაგინებდა დედას აქ მდგომ ადამიანებს – მე გაჩვენებთ ამ ქალაქში ვინ არის ძველი ბიჭი და ვინ არიან მაგარი ბიჭებიო. ჩვენ ვართ ძველი ბიჭები, კანონის დამცველებიც და კანონის დამრღვევებიცო. დავრეკეთ 126-ში (გენერალური ინსპექცია), რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია”, – აცხადებს ნეფარიძე.

მისივე თქმით, კომპანია, სისტემასთან ერთად ცდილობს პროტესტის ჩახშობას და ჭიათურის სხვა სოფლებისთვის, იქ სადაც ასევე ოპერირებს „ჯორჯიან მანგანეზი”, გამაფრთხილებელ სიგნალს გზავნის, რომ პროტესტი ვერავინ გაბედოს.

ნეფარიძე აღნიშნავს, რომ ეს სისხლის სამართლის წესით პროტესტის მონაწილეთა დევნის მეორე შემთხვევაა.

„მე პირადად და ჩვენს თანასოფლელს ოთხ წელიწად-ნახევრის განმავლობაში პროცესები გვიტარეს. მე პირადად 28 სასამართლო პროცესი ჩამიტარეს, 2019 წლის 5 სექტემბრიდან დაიწყო ეს პროცესები და შეთხზული, აბსურდული ბრალდება მქონდა წაყენებული.

მაშინაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და დაშინებას ემსახურებოდა, რომ ადამიანებმა თავისი კერძო საკუთრება და თავისი მამაპაპისეული გარემო არ დაიცვან, საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა და 4 ადამიანს, ჩვენს თანასოფლელებს, რომელსაც სხვა მუხლით, კომპანიის საქმიანობის ხელშეშლის გამო იდევნებიან, ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესები, გასაჩივრებულია და არ დასრულებულა განხილვა“, – ამბობს ნეფარიძე.

როგორც ნეფარიძე აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დევნის მუქარა პროტესტის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ჩვენ ეს პროცესები გავლილი გვაქვს. პირდაპირ კომპანიის მაღალჩინოსნები გვევაჭრებიან ჩვენი თანამებრძოლების თავისუფლებით. გვეუბნებოდნენ გამოვუშვებთ თქვენს თანამებრძოლებს და მოგვეცით მუშა პროცესის გაგრძელების საშუალებაო.

უნდათ, რომ საჩვენებლად გამოიყენონ, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს თავისი საცხოვრისის, თავისი წინაპრების საფლავების და ოჯახის დაცვისთვის, როგორ სჯის კომპანია და მასთან ერთად სისტემა,  ვინც ხმას აიმაღლებს და გაუწევს წინააღმდეგობას მათ.

ცდილობენ, რომ დაშინებით, მუქარით, დაჭერების გზით ეს პროტესტი ჩაახშონ და ადამიანებს პროტესტის განცდა არ გაუჩნდეთ.

ჩვენი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობენ, რომ მიიღეს ოჯახური ღირებულებების კანონი. ჩვენ აქ, ჩვენს ოჯახებს ვიცავთ, ჩამოვიდნენ და ვაჩვენებთ ყველას მაგათ, როგორ უნდა დაიცვან ოჯახური ღირებულებები. ეგ ყველაფერი ბლეფია, გამოდიან და ტელევიზორით ქადაგებენ”, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.


შუქრუთის პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. საუბარია ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

2021 წელს შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა – დაინგრა სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. პროტესტის მონაწილეებმა მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.

2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის შედგა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორეს და ქონების საბაზრო ღირებულებას.

შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები კიდევ გაიფიცნენ. მათი თქმით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.