პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მორიგი შეხვედრის შესახებ განცხდებას ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტდება. ასევე, პროკურატურის განცხადებით, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

უწყების განცხადებას გთავაზობთ:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ეტაპობრივად ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება“, – ნათქვამია განცხადებაში.