„შსს-ს თანამშრომელმა და თანმხლებმა პირებმა იძალადეს დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელსა და კიდევ ერთ პირზე“ - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, 19 იანვარს ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო, გამოძიება ორ ან მეტ პირზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2026 წლის 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.

საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეო-ჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.